მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მობილურზე საუბარი გაიაფდა

608bf47dd5366
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 16:12
9048
საქართველოში მობილურზე ხმოვანი საუბრის ღირებულების საშუალო ტარიფი შემცირებულია. კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, ერთი წუთი ხმოვანი საუბრის ტარიფი 3.4 თეთრს შეადგენს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ხმოვანი ზარის ტარიფი წუთში 3.5 თეთრი იყო.

სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი მობილური აბონენტების რაოდენობა შემცირებულია. თუკი 2020 წლის თებერვალში ქართული ოპერატორების აბონენტთა რაოდენობა (აქტიური SIM ბარათების რაოდენობა) იყო 4.99 მილიონი, 2021 წლის თებერვალში აბონენტთა რაოდენობაა 4.88 მილიონი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც წლიურ ჭრილში კომპანიების შემოსავლები შემცირებულია.

თებერვალში ოპერატორებმა მომხმარებლისგან 37.8 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც ბაზარზე ზრდა ფიქსირდება, მობილური ინტერნეტის მომხმარებლის რაოდენობის მატებაა. ამჟამად მობილურ ინტერნეტს 2.9 მილიონი აბონენტი მოხიმარს, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მთლიანობაში საქართველოში მოქმედი აქტიური SIM ბარათების 58% არის მობილურ ინტერნეტში ჩართული.

კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა. თუკი 2020 წლის თებერვალში აბონენტებმა 10.3 პეტაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა და 19.5 პეტაბაიტი გახდა.

ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 7.2 გბ შეადგინა, რაც 2020 წლის თებერვალთან შედარებით 78%-ით მეტია.