Shtigen Group-ი საქართველოში მზის ენერგიის პროექტებში ინვესტირებითაა დაინტერესებული.
კომპანიაში, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, აცხადებენ, რომ ქვეყანაში მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით კარგი პოტენციალია.
როგორც Shtigen Group-ის დამფუძნებელმა, ჰაიკ შეკიანიმ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, კომპანიის გეგმებშია როგორც განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობაში ჩართვა, ასევე ამ მიმართულებით ინვესტიციების დაბანდება.
მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც მათ კომპანიას საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე აინტერესებს, ელექტროენერგიით ვაჭრობაა. ჰაიკ შეკიანის ინფორმაციით, ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობის გაფართოებით მიღმა Shtigen Group-ისა, რამდენიმე სხვა სომხური კომპანიაცაა დაინტერესებული.
„სომხეთში მზის ენერგიის მიმართულება კარგადაა განვითარებული. ჩვენ ამ დარგში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ისეთი როგორიცაა მზის პანელების მონტაჟი, მზის ელექტროსადგურები. გვსურს, ჩვენი გამოცდილება და ცოდნა საქართველოს გავუზიაროთ და სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ თქვენს ქვეყანაში საქმიანობა და კაპიტალიც შემოვიტანეთ. ადგილობრივი ბაზრით დაინტერესების ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველოს მზის ენერგიის მიმართულებით კარგი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კარგ განვითარებას ვნახავთ. ჩვენ მზის ენერგიის პროექტების განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიებს ჩვენს მომსახურებას შევთავაზებთ და დავეხმარებით ობიექტების მშენებლობაში. ამავდროულად, განვიხილავთ სხვადასხვა მზის ენერგიის პროექტში თანხების ჩადებას და ინვესტირებასაც. ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი ვიქნებით როგორც მინორიტარული აქციონერები, რადგან ჯობს, რომ რამდენიმე პროექტში შევიდეთ, ვიდრე ერთ კონკრეტულ პროექტში ჩავდოთ ინვესტიცია.
Shtigen Group-ისთვის საქართველოს ენერგეტიკის ბაზარი ელექტოენერგიის ვაჭრობის მიმართულებითაცაა საინტერესო. ჩვენთვის არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობაა საინტერესო, არამედ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და სომხეთს შორისაც. არსებობს წარმოდგენა, რომ სომხეთში ელექტროენერგიით ვაჭრობა მონოპოლისტური საქმიანობა. თუმცა ეს დიდი ხანია, ასე აღარაა. ამიტომ ვფიქრობ, ამ ნაწილში შეგვიძლია არსებული პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველოდან მაგალითად, ზაფხულის თვეებში, როდესაც წყალუხვობაა და ამისთვის ხელსაყრელი დროა, სომხეთში გავიტანოთ ელექტროენერგია“, - განაცხადა ჰაიკ შეკიანიმ.
ცნობისთვის, Shtigen Group-ი 2011 წელს სომხეთში დაფუძნდა და ისეთი მიმართულებებით მუშაობს როგორიცაა მზის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა, ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. კომპანია საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. კომპანიის გეგმებში ასევე შედის საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე საქმიანობა, მათ შორის დამტენი სადგურების მოწყობა და მომსახურების ცენტრის გახსნა.