საქართველოში მზის ენერგიის სექტორი ახალ ეტაპზე გადადის, კერძოდ, ნეტო აღრიცხვიდან გადავდივართ ნეტო დარიცხვაზე, რაც მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მფლობელებისა და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.
ნეტო აღრიცხვამ ხელი შეუწყო მზის ენერგიის პოპულარობას – მომხმარებლები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან გატარებისა და დაგროვების კომპონენტზე, ქსელი უფასო დამგროვებლის ფუნქციას ასრულებს. თუმცა ჯვარედინი სუბსიდირება დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ეს სოციალურ უსამართლობას ქმნის და შეიძლება გამოიწვიოს ტარიფების ზრდა, რაც გასაგებიცაა.
ნეტო დარიცხვა კი, გულისხმობს ქსელური მომსახურების საფასურის გადახდას, თუმცა მთავარია, რომ ეს ტარიფი ინვესტორებისთვის მიმზიდველი დარჩეს. არსებული მზის სადგურები კი, ისარგებლებენ მინიმუმ 5-წლიანი საშეღავათო პერიოდებით. ათვლის წერტილი ყველასთვის ერთი თარიღი იქნება, შესაბამისად, ვინც უფრო ადრე ჩართო სადგური, მას უფრო მეტი წელი გამოუვა შეღავათი.
საბოლოოდ, სექტორი არ გაჩერდება – პირიქით, ახლა ვნერგავთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად მოდელს, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან განვითარებას.
ჩვენ ვიცით, რომ 27 თებერვალს სემეკმა გაზარდა პიკური დატვირთვის ზღვარი 14%-დან 20%-მდე. ამის შემდგომ, 28 თებერვალს, "ენერგო პრომ" განაახლა განაცხადების მიღება, რომელიც იმავე დღეს დაიხურა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მზარდ მოთხოვნას. "თელასის" არეალში კვლავ შესაძლებელია 500 კვტ-იანი სადგურების მშენებლობა ნეტო აღრიცხვით.
ამ ნაწილში, ამოსავალი წერტილია, რომ 30-50 კვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე რეგიონების მასშტაბით მაინც შენარჩუნდეს ნეტო აღრიცხვის სიკეთეები, რათა ფიზიკურმა პირებმა კვლავ შეძლონ მზის სადგურების მშენებლობა. მათთვის ისედაც შედარებით ძვირი ჯდება სადგურის მშენებლობა, რადგანაც რაც უფრო ნაკლებია სიმძლავრე, მით უფრო მეტი გამოდის კვტ-ს ფასი. ასევე ფიზიკურ პირებს არ ეხებათ სუბსიდირებული სესხები. საბოლოო ჯამში ქსელური კომპონენტის შემოსვლა უარყოფითად იმოქმედებს და აუცილებლად გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას პატარა სადგურებზე.
უახლოეს მომავალში გვეცოდინება ნეტო დარიცხვის კონკრეტული წესები და პირობები, რომელსაც გაგვაცნობს მარეგულირებელი კომისია და ჩვენ, როგორც ბიზნესი, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რადგანაც სემეკი თითოეულ სხდომაზე, მზის ასოციაციასთან ერთად განიხილავს თითოეულ ცვლილებასა და სიახლეს ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა შევინარჩუნოთ პოზიტივი, რადგან ეს ცვლილებები არ არის რეგრესი – პირიქით, ეს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურ განვითარებას.
ნინა გადელია
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი