2024 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა, ბუნებრივი გაზის შემცირდა. „ნავთობის და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 36.8 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს. ეს 1500 ტონით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
მოპოვებული ნავთობიდან სახელმწიფოს წილი 14 200 ტონა იყო. საკუთარ წილს კორპორაცია აუქციონების მეშვეობით ასხვისებს ხოლმე. სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნავთობის მოპოვების მხრივ გამორჩეული იყო 2009 წელი, როდესაც თითქმის 60 ათასი ტონის მოპოვება მოხდა.
2010-2013 წლებში საშუალოდ 50 ათასი ტონის მოპოვება ხდებოდა, შემდეგ წლებში კი მოპოვება შედარებით შემცირდა.
რაც შეეხება გაზის მოპოვებას - შარშან 15.8 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოპოვება მოხდა. კლება უმნიშვნელოა და 0.2 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა. მოპოვებული გაზიდან სახელმწიფოს წილი 5 მლნ კუბ. მეტრი იყო. 2020 წლის შემდეგ სახელმწიფო ყოველწლიურად 4-5 მლნ კუბ.მეტრს იღებს ადგილობრივი მოპოვებიდან.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკოსის დღისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში დაწერა, რომ იმ დროისთვის გაცემული იყო ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია, რასაც 2025 წელს კიდევ 2 ლიცენზია შეემატა. კერძოდ, X სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია West Galf Petroleum engineering Company Ltd. X სალიცენზიო ბლოკი (4336 კვადრატული კილომეტრი) თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს.
VIIB სალიცენზიო ფართობზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „Hinddustan Silichem Private Limited (HSPL)“ , რომელიც რეგისტრირებულია ინდოეთში 2017 წლის 01 ივლისს და მიეკუთვნება Astron Zircon ჯგუფს.
საქართველოს VII B სალიცენზიო ბლოკი ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. საერთო ფართობია 1175კმ2.