საქართველოში სპილენძისა და ოქროს მადნის უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს.
როგორც RMG Copper-მა, ასევე RMG Gold-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, ორივე კომპანიას გასულ წელს 830 მილიონ ლარზე დიდი შემოსავალი ჰქონდა, რაც 2022 წელთან შედარებით 33 მილიონი ლარით მეტი იყო.
უფრო დეტალურად, კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:
- RMG Copper - შემოსავალი 2023 წელს 507 მილიონი ლარი, წმინდა ზარალი 61.7 მილიონი ლარი;
- RMG Gold - შემოსავალი 2023 წელს 325 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 36.8 მილიონი ლარი.
შესაბამისად, ამ ორი კომპანიის ჯამური მოგება 98.5 მილიონი ლარი იყო.
RMG ჰოლდინგი არსებული სახით 2012 წლის ტრანზაქციის შედეგად ჩამოყალიბდა, როდესაც რუსი ბიზნესმენის, დიმიტრი ტროიცკის ჰოლდინგმა ჯგუფის საკონტროლო პაკეტი 120 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს კომპანიები ფლობენ ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებულ მოპოვებით ლიცენზიებს. კერძოდ, RMG Gold-მა 110 მილიონი გადაიხადა ბოლნისსა და დმანისში ოქროს მოპოვების ლიცენზიაში, ხოლო RMG Copper-ი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ ტერიტორიებზე სპილენძის და პოლიმეტალების მოპოვების 93.5-მილიონიან ლიცენზიას ფლობს.
RMG Gold-ის მმართველობით ანგარიშგებაში საუბარია ოქროს რეზერვების მოცულობაზე, რომელიც სალიცენზიო არეალშია მიკვლეული.
"2023 წლის 31 დეკემბრისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით, კომპანიის
გეოლოგების მიერ დაანგარიშებული მარაგების სავარაუდო რაოდენობა (მიმდინარე წლის
ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით) იყო შემდეგი: საყდრისის საბადო - 4,637 ათასი ტონა
მადანი (216 ათასი უნცია ოქრო), და ბნელი ხევის საბადო - 1,813 ათასი ტონა მადანი (53 ათასი
უნცია ოქრო).
2023 წელს, კომპანიამ დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით, განაახლა მადნის რეზერვების
შეფასება, უკანასკნელი ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით. აღნიშნული
შეფასების მიხედვით, მადნეულისა და ბნელი ხევის საბადოების დახურვის ვადები 2025 წლამდე
გახანგრძლივდა; ხოლო საყდრისის საბადოს დახურვის თარიღი -2028 წელი დარჩა. გარდა ამისა,
სამთო სამუშაოების განახლებულ გეგმაში მოცემულია ხელმძღვანელობის განზრახვა მოიპოვოს
რესურსები საყდრისის საბადოდან მიწისქვეშა მეთოდის გამოყენებით; მოპოვების დაწყება
2026 წელს იგეგმება, ხოლო დასრულების თარიღი 2028 წლით განისაზღვრება.
2023 წელს გადამუშავდა 260 ათასი ტონა მადანი, წარმოებული იყო 18,876 ტონა (მშრალი წონა) ოქრო-პოლიმეტალური კონცენტრატი, რომელშიც მეტალების შემცველობა იყო შემდეგი: ტყვია 10.42%, თუთია 19.32%, ოქრო 51.80 გრამი ტონაზე და ვერცხლი 321 გრამი ტონაზე"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.