მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პანდემიისას გარდაცვლილთა 86% 60 წელზე ხნიერი იყო - NCDC

61fcea5d4f7d9
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.22 13:12
630
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 15,141 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. NCDC-იმ გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელიც უშუალოდ 2020-2021 წლების განმავლობაში ქვეყანაში პანდემიის გავრცელებას შეეხება. მათ შორის ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილი პაციენტები.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილთა 96% 50 წელზე უფროსი; 86% 60 წელზე უფროსი; 61% კი 70 წელზე უფროსი იყო. შესაბამისად, პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი ხანდაზმული იყო, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ სამიზნე ჯგუფის ვაქცინაციის წახალისებისთვის თითქმის არაფერი იღონა, 200-ლარიანი ფულადი დანამატი მთავრობამ მხოლოდ 2021 წლის 8 ნოემბერს დააწესა, რამაც ვაქცინაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზარდა. თუმცა, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან უკვე 10,000-ზე მეტი ადამიანი იყო გარდაცვლილი.

საქართველოში 2020-2021 წლებში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების განაწილება ასაკის მიხედვით:

● 0-9 წელი - 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 10 - 19 წელი - 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 20-29 წელი - 42 ადამიანი; წილი 0.3%
● 30-39 წელი - 139 ადამიანი; წილი 1.0%
● 40-49 წელი - 402 ადამიანი; წილი 2.9%
● 50-59 წელი - 1,386 ადამიანი; წილი 10.0%
● 60-69 წელი - 3,437 ადამიანი; წილი 24.8%
● 70-79 წელი - 4,061 ადამიანი; წილი 29.3%
● 80+ - 4,394 ადამიანი; წილი 31.7%

სულ 2020-2021 წლებში საქართველოში COVID-19-ით 13,860 ადამიანი გარდაიცვალა. მათი 52% ქალი; 48% კი კაცი იყო.

NCDC-ის თანახმად, გარდაცვლილთა მნიშვნელოვან ნაწილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამასთან გარდაცვალების 81%-ში თანმხლები დაავადება გართულებული იყო ფილტვების პნევმონიით.

თანმხლები დაავადებები COVID-19-ით გარდაცვალების დროს:

● ჰიპერტენზია - 41%;
● დიაბეტი - 25.9%;
● ემბოლია - 8.2%;
● ონკოლოგიური დაავადებები - 5.6%;
● ფილტვების ქრონიკული დაავადებები - 4.7%.