მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი 4%-ს არ აღემატება - WEG

629a61a750ee7
ალა ისპირიანი
03.06.22 23:40
1403
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი საქართველოს მთლიან შიდა მოხმარებაში 4%-ს არ აღემატება. ამის შესახებ ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ანგარიშში წერია.

როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს მაჩვენებელი ელექტროენერგიის პიკური მოხმარების პერიოდში განხორციელებულ იმპორტსაც ეხება. მკვლევარების მოსაზრებით, საჭიროების შემთხვევაში, მისი სრულად ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

მკვლევარი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებას 2014 წელს ყირიმის ანექსიას უკავშირებს.

„როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ძირითადი ენერგო რესურსების მობილიზება ამ მიმართულებით გააკეთა და ამიტომ საქართველოში წლების განმავლობაში იმპორტი შემცირებულია“,- განმარტავს მკვლევარი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგია ოკუპირებული აფხაზეთისთვის დამატებით შემოაქვს, რომლის 90% ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავებიდან იფარება. რუსეთიდან იმპორტი კი მხოლოდ 10% შეადგენს.



ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ გამონაკლისი 2021 წელი იყო, როცა ენგურჰესის რეაბილიტაციის გამო, ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ აფხაზეთის წლიური მოხმარების 34% შეადგინა. სწორედ ამ მიზეზით, 2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი იყო. ამ წელს განხორციელდა 1.2 მლრდ. კვტ.სთ ელექტრონერგიის იმპორტი, რომლის 80% აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა.

საქართველო 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარების უდიდეს წილს 92% -ს ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიით იკმაყოფილებს და ამასთან, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) გააჩნია ტრანსსასაზღვრო კავშირები, რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება ამ ეტაპზე არ არის მაღალი რისკის შემცველი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ანგარიშში წერია, რომ მოხმარების ზრდის პირობებში, მსგავსი სურათის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია გენერაციის ადგილობრივი წყაროების განვითარება. ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის გათვალისწინებით, რომელიც ელექტროენერგეტიკული ბირჟის შექმნას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარეგულირებელი სადგურების არსებობა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები