მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის მიღებას თუ 200 ლარი სჭირდება, იგივე ნებართვა თურქეთში $3.5 ღირს”- კვლევა

ტრაილერი სატვირთო

საქართველოში საავტომობილო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების ღირებულება რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია. ორმხრივი სატრანზიტო ნებართვებსა და მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვების ფასები „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა გააანალიზა.

ირკვევა, რომ ქართული ნებართვა 10-ჯერ, 13-ჯერ და 31-ჯერ ძვირიც კი ღირს რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან შედარებით.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ორმხრივ ფორმატში ნებართვის ერთ სამუშაო დღეში გაფორმების ღირებულება 70 ლარია, ხოლო დაჩქარებული წესით მისი მიღება მძღოლს ასი ლარი უჯდება. განსხვავებული ფასები მოქმედებს მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის შემთხვევაში, რომელიც 2022 წლის მაისიდან გაორმაგებულია.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობი სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებს და მძღოლებს საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს.

"გაძვირებამ გარკვეულწილად დაამძიმა ქართველი გადამზიდავის მდგომარეობა საერთაშორისო ბაზარზე. რამდენიმე შედარებას მოვიტან: ჩვენთან მესამე გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვა 100 და 200 ლარის ფარგლებშია, თურქი გადამზიდავი ანალოგიურ, აი ამ ერთფურცლიან ნებართვას, 3.5 დოლარში იღებს. ყაზახეთი, თავისი მძღოლისთვის 7.5 დოლარში გასცემს, უზბეკი - 5 დოლარში.

ამ ქვეყნებში მესამე ქვეყნის ნებართვა არ არის ასე ცალკე გამოტანილი, ყველა ნებართვა ღირს ერთი ტარიფი. რატომღაც ჩვენ გამოვიტანეთ ეს ცალკე, როცა დავინახეთ, რომ მოთხოვნა გაიზარდა და რატომაც არა, ასე გადამზიდავის, ჯიბიდან მეტ თანხას იღებს სახელმწიფო.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ქართველ გადამზიდავს, რომელსაც დღესდღეობით ამ გაუსაძლის მდგომარეობაში უხდება თავისი ტვირთის გადაზიდვა და უწევს რთულ პირობებში თავის დამკვიდრება. წარმოიდგინეთ, რომ სასტარტო პოზიცია მისთვის არის ამ სანებართვო ნებართვების გაძვირების გამო უფრო გართულებული. შედეგობრივად ამას ის მოჰყვება, რომ ქართველი გადამზიდავი უკვე საჭიროდ თვლის, რომ არ გააგრძელოს მუშაობა საქართველოში, წავიდეს უცხოურ ქვეყანაში და დაიწყოს ძებნა სამსახურის, საიდანაც გადაზიდვებს განახორციელებს,”- ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“-ის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში, სადაც მიიჩნევენ, რომ მესამე ქვეყნის ნებართვებთან მიმართებით დაწესებული ტარიფის რეგიონის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარება არასწორია. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, განსხვავებულია გადამზიდავებისთვის პირობები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის.

მაგალითად თურქეთში გადამზიდავებს ამ იაფიანი ნებართვების გარდა სხვა დოკუმენტაციის ღირებულების გადახდაც უწევთ, მათ შორის ლიცენზირების საფასურის, რაც გია წიფურიას თქმით, საკმაოდ ძვირია.

“თუკი ნებართვა ღირს 70 ლარი, სრულიად ლოგიკურია, ორჯერ უფრო მეტი ღირდეს მესამე ქვეყნის ნებართვა, სადაც, მერწმუნეთ, რაოდენობა ბევრად მეტი პრობლემაა, ვიდრე მისი ღირებულება.

ნებართვების ღირებულებაზე სხვა ქვეყნებთან პარალელის გავლება ცოტა არ არის მისაღები. ჩვენ ნებართვის ფასებში, ტარიფში, შედის მომსახურება, ხოლო სხვაგან ეს დაწესებული ღირებულება უბრალოდ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მოსაკრებელია, მეტი არაფერი. თურქი მძღოლები სხვა თანხებს იხდიან ბაზარზე დაშვებისათვის და ეს არის მაგალითად, ლიცენზია, რომელსაც თავისი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს და სხვა რომ არაფერი, დაახლოებით 12-დან 15 ავტომობილამდე გჭირდება რომ მაგალითისათვის თურქეთში ლიცენზია გქონდეს.

რეალურად, თუკი შევხედავთ, ჩვენ ბაზარზე დაშვების, მოსაკრებლების და გადასახადების გამო რეალურად კონკურენტუნარიანები ვართ,”- ამბობს საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია წიფურია.

TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ ტრაილერის მძღოლები ნებართვების სიძვირეზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ყველაზე კრიტიკული საკითხი ყახაზეთთან მიმართებით დგას, სადაც ღირებულებასთან ერთად გამოწვევაა ნებართვების არასაკმარისი რაოდენობაც.

“ჩინეთი, რა თქმა უნდა, კარგია, რომ გაიხსნა და აქტიურად მიდის გადაზიდვები, მაგრამ ეს ბუმი პირველი ეტაპის შემდგომ ჩაცხრა, ნებართვები, საბედნიეროდ, ჩინეთში არის საკმარისი, ასევე ვიზებიც და ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. უფრო პრობლემური მიმართულება, ჩემი შეფასებით, არის ყაზახეთზე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა და მათ შორის გაზრდილი ფასი. ასევე თურქეთის ნებართვები არ არის ხოლმე, საკმარისი, რაც გამოწვევებს ქმნის,”- ამბობს TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კვარაცხელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები