ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საღეჭი რეზინების იმპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ 507 ტონა საღეჭი რეზინი შემოიტანა, რომლის მოცულობამ თანხაში 1,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი უსწრებს წინა წლების მონაცემებს. კერძოდ, როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2022 წელს 1,4 მლნ აშშ დოლარის 412 ტონა, 2021 წელს კი 1,3 მლნ აშშ დოლარის 407 ტონა საღეჭი რეზინი შემოვიტანეთ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 610 450 დოლარის ღირებულების 161 ტონა საღეჭი რეზინის იმპორტი განხორციელდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც წელს 118 ტონა საღეჭი რეზინის იმპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდის რუსეთი - 25 ტონით, ბელგია და თურქმენეთი - 6-6 ტონით და მცირე რაოდენობებით კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
ექსპორტი კი ამ კუთხით თითქმის არ გვაქვს. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მხოლოდ 7 კგ საღეჭი რეზინი გავიტანეთ რუსეთსა და ყაზახეთში.