მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ ₾700 მლნ-ს გადააჭარბა - ასოციაცია

ლიზინგი

საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 700 მლნ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გვანცა გვიჩიამ BMG-ის განუცხადა, 2025 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სალიზინგო სექტორის ჯამურმა პორტფელმა 725 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ კორპორატიული მიმართულებით სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიური სამშენებლო და ინფრასტრუქტურის დარგის მხრიდანაა. ამასთან, გვანცა გვიჩიას თქმით, გასულ წელს კომპანიებმა ახალი ტიპის პროდუქტებიც დანერგეს, როგორიცაა მაგალითად, კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი.

“სალიზინგო ბაზარი მზარდია და ბოლო მონაცემებით, სექტორის ჯამური პორტფელი 700 მილიონი ლარის ფარგლებშია. პორტფელის ძირითადი ზრდა მოდის უძრავი ქონების ბაზრის ლიზინგზე, რაც გასულ წელს დაიწყო და ამან სექტორის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეს ძირითადად კომერციული უძრავი ქონების ლიზინგს ეხება, რაც ბაზრისთვის სიახლეა. ტრადიციული სალიზინგო მიმართულებები, როგორიცაა სამშენებლო, წარმოება და სამედიცინო ისევ აგრძელებს ზრდას.

კარგი ისაა, რომ თუკი აქამდე ლიზინგის დარგი პროდუქტებს უფრო მეტად კორპორატიულ და საშუალო ზომის კომპანიებს სთავაზობდნენ, რამდენიმე წელია, უკვე ბაზარზე წამოვიდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე მცირე ბიზნესსაც სთავაზობენ ამ პროდუქტებს“, - განაცხადა გვანცა გვიჩიამ.

ცნობისთვის, კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, სალიზინგო სექტორს დაახლოებით 22 ათასი აქტიური მსესხებელი ჰყავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები