მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შესაფუთი მასალების წარმოება იზრდება - ექსპორტმა $16,3 მილიონს გადააჭარბა

შეფუთვები

შესაფუთი მასალების სექტორი საქართველოში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი და 2018 წლიდან 113%-იან ზრდას აჩვენებს. ადგილობრივი წარმოების ზრდის პარალელურად შემცირდა წმინდა იმპორტიც.

შემფუთველთა კლასტერის ინფორმაციით, 2022 წელს 16,3 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის 45% აზერბაიჯანში, 36% სომხეთში, 7% კი აშშ-ში განხორციელდა. ექსპორტის 1/3 ქაღალდის შეფუთვებზე, დანარჩენი წილი კი პლასტიკზე მოდის.

საქართველოს შემფუთველთა კლასტერის საბჭოს წევრი სალომე ქარელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კლასტერის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დონორების დაფინანსებამ. უკვე დასრულდა ევროკავშირის და გაეროს 5 წლიანი, € 5 მილიონიანი პროგრამა, რომლის შემდეგაც პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ბიზნეს კლასტერებმა საქმიანობა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელონ.

როგორც ქარელი განმარტავს, 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, უკვე არსებობდა 8 ძლიერი კომპანია, ამ ეტაპზე კი კლასტერი 60-სზე მეტ კომპანიას აერთიანებს. მისივე თქმით, ქართული შესაფუთი მასალები მაღალი ხარისხიასაა და ფასითაც საკმაოდ კონკურენტუნარიანია საექსპორტო ბაზრებზე.

„ჩვენი ექსპორტის 45% მოდის აზერბაიჯანზე, შემდეგია სომხეთი, ამერიკა და მცირე წილი უკავია ევროკავშირის ქვეყნებს. ესეც ამ სტანდარტის განვითარების ხარჯზე მოხდა. ევროპაში არის გარკვეულწილად დეფიციტი ამ სექტორში სხვადასხვა გლობალური პირობებიდან გამომდინარე და საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს ექსპორტი. მთავარია, რომ საქართველოს აქვს დადებითი რეპუტაცია ევროკავშირში იმ კომპანიებიდან გამომდინარე, რომლებმაც დაიწყეს ექსპორტი და არიან სანდო მიმწოდებლები.

ამასთან, გარკვეულმა კომპანიებმა დაიწყეს დიაგონალური კუმულაციის გამოყენება. თურქული ნედლეულით შეგვიძლია რეექსპორტი გავაკეთოთ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული ნიშნით, რაც დამატებითი რესურსია, გავზარდოთ ექსპორტის წილი ევროკავშირში.

მთავარი გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის არის დამოკიდებულება ნედლეულზე, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. როცა დაიწყება რეციკლირების პროცესი, ამ დანაკლისს შევავსებთ და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ქართული შეფუთვები.

ველოდებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიმართულებით შესაფუთი მასალების რეგლამენტის მიღებას, რაც გაზრდის მოთხოვნას ისეთი შეფუთვების გამოსავალზე, რომელიც მდგრადია გარემოსთან მიმართებით და შესაძლებელია მისი რეციკლირება“,- აცხადებს სალომე ქარელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები