მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შინაური ცხოველებისთვის პირადი AI ასისტენტი შეიქმნა - Wiggly-ის გეგმები

63c9301c576fa
თინათინ ნატმელაძე
22.01.23 23:00
856
Wiggly - ასე ჰქვია ახალ ქართულ სტარტაპს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შინაური ცხოველებისთვის პირადი ასისტენტი, იგივე ბოტი, შექმნა.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი თორნიკე ჩუნთიშვილი BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, Wiggly-ს ამ ეტაპზე ორი სახის სერვისი აქვს, ვეტერინარია და ზოგადი მოვლა.

„ჩვენი AI ასისტენტი რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა, სერვისი Facebook-ზეა ჩართული, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს, რის შემდეგაც ასისტენტი მას კატეგორიებს სთავაზობს, ამ ეტაპზე გვაქვს ვეტერინარია და ზოგადი მოვლა. ასისტენტი ეკითხება ცხოველის ჯიშს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ამის მიხედვით კი მის ყველა კითხვას პასუხს სცემს. მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ Wiggly-ის შეუძლია კონკრეტული, მორგებული პასუხები გასცეს მომხმარებელს და არა ზოგადი რჩევები.“ - განაცხადა თორნიკე ჩუნთიშვილმა.

სტარტაპის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ სერვისის შექმნამდე ხუთი თვის განმავლობაში კონსულტაციებს ვეტერინარებთან და სპეციალისტებთან გადიოდნენ, რომელთა დახმარებითაც საინფორმაციო ბაზები შექმნეს და ხელოვნური ინტელექტი დაატრენინგეს.

Wiggly-ის სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს. დამფუძნებლები ერთ თვეში ორი ახალი კატეგორიის დამატებას, ხოლო გაზაფხულის ბოლოს აპლიკაციის ამოქმედებას და გლობალურ ბაზარზე შესვლასაც აპირებენ.

„ერთ თვეში ორ ახალ სერვისს ჩავუშვებთ, პირველი ეს არის ნუტრიციოლოგია, ანუ ასისტენტი მომხმარებლებს იმის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას, თუ როდის უნდა აჭამონ საჭმელი თავიანთ ცხოველს, რა სახის საჭმელი, რა დოზით და ა.შ. მეორე კატეგორია კი არის ჯავშნები, მართალია Wiggly რეკომენდაციებს იძლევა და სავარაუდო დიაგნოზსაც სვამს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცხოველისთვის კონკრეტული ანალიზი და ვეტერინართან ვიზიტია საჭირო, ამიტომ ასეთ დროს, ასისტენტი ავტომატურად ჯავშნის ვიზიტს ან ვეტერინართან, ან გრუმერთან ან სხვა სერვის პროვაიდერთან. ამისთვის საჭირო მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება აპლიკაციას, ის იქნება ინგლისურენოვანი და განკუთვნილი გლობალური ბაზრისთვის, გაზაფხულის ბოლოს უკვე ჩავუშვებთ და ახალ ფუნქციონალებს დავამატებთ, როგორიცაა ცხოველის ისტორიის შენახვა, კალენდრის შედგენა, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა და შემდეგ შეტყობინების სახით მომხმარებლისთვის შეხსენება", - განმარტავს Wiggly-ს თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სტარტაპის შექმნის პროცესში რვა ადამიანი იყო ჩართული, ამჟამად კი ორი დამფუძნებელი და მარკეტინგის ორი სპეციალისტი მუშაობს. რაც შეეხება ინვესტიციებს, თორნიკე ჩუნთიშვილი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა გვეუბნება, რომ ამ ეტაპამდე პირადი ინვესტირებით მოვიდნენ, საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად კი ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე მუშაობას მარტიდან დაიწყებენ.

შეგახსენებთ, ასისტენტის მომსახურების გამოყენება ამ ეტაპზე უფასოა, თუმცა აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, გარკვეულ გადასახადთან იქნება დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები