მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

6463a52cf3fc0
BM.GE
16.05.23 19:40
559
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოში უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება.

„2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოში უეფას 21 წლამდე ჩემპიონატი ტარდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმში. უამრავ ვიზიტორს ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა.

მისი თქმით, კანონის მიღების აუცილებლობა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის - უეფა-ს მოთხოვნამ განაპირობა, რომლის თანახმად, ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს არანაირი დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს.

შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს 135-ე და 140-ე ნაწილები ემატება, რომლითაც უეფა-ს 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 16 მატჩი გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის ნაკრებები.

კანონპროექტს, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები - ლევან კობიაშვილი და ირაკლი მეძმარიაშვილი.
კანონპროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები