თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსკენ მომავალ რუსულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. საუბარია, შავ ზღვაში მცურავ გემ Midvolga 2-ზე, რომელსაც საქართველოში მზესუმზირას ზეთი უნდა ჩამოეტანა.
ოფიციალური ანკარას განმარტებით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 128 კილომეტრის დაშორებით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გემზე 13 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან არცერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ანკარას თქმით, გემი დამოუკიდებლად გადაადგილებას კვლავ ახერხებს და ის ამჟამად თურქეთის სანაპიროსკენ მიემართება.
ცნობისთვის, ბოლო კვირებში შავ ზღვაში მცურავ რუსულ ტანკერებზე შეტევა უკრაინამ უკვე რამდენჯერმე განახორციელა. მათ შორის, ყველაზე ბოლოს კვირას, როცა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალმა გემმა სახელად Virat-მა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. რუსული ომის მანქანისთვის შექმნილი ფლოტის კიდევ ერთ ხომალდ Kairos-ზე შეტევა კი უკრაინამ 29 ნოემბერს მიიტანა. ცნობისთვის, აღნიშნული გემი გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული.
განახლება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაცია. სააგენტოს თქმით, მათი გადამოწმებული მონაცემებით, გემი საქართველოს არც ერთ პორტში არ ყოფილა და ამჟამადაც არ არის ნომინირებული.
"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები.სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმეული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ემყარება არანაირ ფაქტებს" - წერს სააგენტო.




























