მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება კო–რეგულაცია“ – თამარ კინწურაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე

ანალიტიკა

„მათი [ხელისუფლების] მიზანი რომ იყოს სიძულვილის ენასთან ბრძოლა, ძალადობით მოტივირებულ დანაშაულს დასჯიდნენ – ამბობს თამარ კინწურაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – 5 ივლისის ძალადობრივი ქმედება როცა 53 ჟურნალისტი სცემეს ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ანუ არის ქმედება, ხოლო სიძულვილის ენა არის უბრალოდ შეხედულება. ადამიანებს სჯიან სიძულვილის ენის გამო, როდესაც არ დაუსჯიათ მოძალადეები, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, რაც უფრო დამამძიმებელი გარემოებაა – აი, ეს აჩენს სწორედ უნდობლობას პროცესის მიმართ“.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირს კარგად ესმის კონტექსტი, რომელშიც ამ ცვლილებების მიღება მოხდა.

„სწორედ ამიტომ დაწერა ექსპერტმა, რომ საქართველოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება კო–რეგულაცია და საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში იმისთვის, ერთი მხრივ – მედიის ხარისხი გაუმჯობესდეს და პრევენცია მოხდეს სიძულვილის ენის, მეორე მხრივ – იყოს ნდობა პროცესის მიმართ. თავის დროზე, 2009 წელს, როდესაც მიიღეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, შეიმუშავეს განსხვავებული მოდელი. თავიდან იყო საუბარი, როგორც ბრიტანეთშია, მარეგულირებელთან მომხმარებელთა უფლებების გასაჩივრების მექანიზმის შემუშავება, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინაც იყო უნდობლობა მარეგულირებლის მიმართ, ტელევიზიების, რადიოების მოთხოვნა იყო შეცვლილიყო მოდელი. მაშინ მუშაობდა ევროსაბჭოს ექსპერტი და გადაწყდა, რომ თვითონ ცალკეულ ტელევიზიებს უნდა ჰქონოდათ გასაჩივრების კომისია“ – განმარტავს თამარ კინწურაშვილი.

მედია–ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ მარეგულირებელმა პროცესზე გავლენა გააძლიეროს არა შინაარსში ჩარევით, არამედ, ამ მექანიზმის პოპულარიზაციის გზით.

„[კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია] კრიტიკული მედიების წინააღმდეგ პოსტებს რომ ასპონსორებს, მათ შორის, პოლიტიკური აფილაციის გარეშე, ნეიტრალური მედიების წინააღმდეგ – ამის ნაცვლად, უმჯობესია, საინფორმაციო კამპანია აწარმოონ, რათა მოქალაქეებმა გაიგონ, რა მექანიზმი არსებობს და მეორე მხრივ – მედია მეტად ანგარიშვალდებული გახადონ. მაგალითად: ვებზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია, როგორ შეუძლია მოქალაქეს დაიცვას თავისი უფლება, მოთხოვონ ანგარიშების წარდგენა და თვითონაც წარადგინონ – ამბობს თამარ კინწურაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში და დასძენს, რომ სინამდვილეში, ეს არ არის კომისიის მთავარი ამოცანა: „თვითონ აინტერესებთ, თავის ხელში აიღონ მექანიზმზე კონტროლი, რათა კრიტიკული აზრი შეზღუდონ და რაც იწერება და სპონსორდება მათ ვებგვერდზე, ეს ყველაფერი მომავალში სანქციებში თარგმნონ“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები