ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მზად აქვს საქმე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად, რაც მისივე თქმით, "ივანიშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება".
ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის წინააღმდეგ ივანიშვილის დავაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქმე გამოგონილ დანაშაულს ეხება და სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცებს, თუ როგორ კერავს ივანიშვილი საქმეებს.
„მე ივანიშვილის სასამართლოსი და პროკურატურის არ მეშინია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ხელი მოაწერინოს და შტამპი დაარტყმევინოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას [ციხეში გაშვებასაც], თუმცა არსებობს სტრასბურგის სასამართლო - ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო. მე უკვე ჩართული მყავს იურისტები და საქმეც არის მზად იქ შესატანად და ეს იქნება ივანიშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იმიტომ, რომ მანდ მე ნამდვილად დავადასტურებ დოკუმენტურადაც იმ ყველაფერს, თუ როგორ მართავს ივანიშვილი სასამართლოსაც, პროკურატურასაც და როგორ კერავს საქმეებს.
სასამართლოში ყველა პროცედურის დაცვით, გამოჩნდება ყველანაირი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებს გიორგი ბაჩიაშვილის უდანაშაულობას, ეს ივანიშვილისთვის და მისი მარიონეტი მოსამართლე-პროკურორებისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, ეს მანაც ძალიან კარგად იცის. ამიტომაც, არის, რომ ვერც წინ მიდიან და ვერც უკან, რადგან საქმე არ არსებობს, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების გარდა არცერთი დამადასტურებელი საბუთი, ნივთმტკიცება არ არსებობს, რომელიც რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. გამოგონილი დანაშაულია, არ არსებობს თემა, რაზედაც შეიძლება ივანიშვილი მე მედავებოდეს“, - განაცხადა ბაჩაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ოთხჯერ გადადების შემდეგ, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხებოდა, თუმცა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.