მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქსტატის რიცხვების მიმართ ნდობა არ მაქვს" - ზაზა ბიბილაშვილი 11%-იან ეკონომიკურ ზრდაზე

ზაზა ბიბილაშვილი

ყველა რიცხვს, რომელიც დღეს ოფიციალური უწყებებიდან გამოდის, ეჭვის თვალით შევხედავდი, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” იანვრის 11.1%-იანი ზრდის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მას არ აქვს ნდობა იმ ციფრების მიმართ, რასაც საქსტატი გვაწვდის.

საქმე იმაშია, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 11.1% შეადგინა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პაატა შავიშვილის განცხადებით, იანვარში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში არსებული მატება, ასევე ლოგისტიკის სფეროში არსებული მატება იყო.

„ჩვენ გვინახავს როგორ ჭრიან და კერავენ რიცხვებს, ეგზიტპოლებს, კვლევებს, სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული რიცხვებიც ხშირად ამაში გადის, სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლებას კრიზისი აქვს - და ფაქტია, რომ ასეთი კრიზისი საქართველოს ისტორიაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია, თუ არ გავიხსენებთ ქუჩის პერიოდს, რომელიც სხვა ტიპის კრიზისი იყო - ისინი ასეთი ციფრებით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტყუილების თქმას. ჩვენ რომ ნებისმიერ სასტუმროში შევიდეთ ახლა, ვნახავთ, რომ სასტუმროებს თანამშრომლების დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაში ჰყავს გაშვებული. რატომ? იმიტომ რომ ტურისტები არ არიან“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მან „ოცნების“ მიერ დაანონსებულ $6-მილიარდიან არაბულ ინვესტიციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ „დაპირებების გაყიდვა“ სჩვევია.

„შეიძლება ისინი ცდილობენ, რომ შემოიყვანონ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ქართულ ბაზარზე აქამდე ნაკლებად ფიგურირებდნენ, ასეთია გალფის ქვეყნები და ჩინეთი. თუმცა ეს ჯერ ადრეული დისკუსიის ეტაპზეა და როგორც ყველაფერი, ესეც არის დაპირების გაყიდვა. ისინი ყველაფერზე მომავალში ლაპარაკობენ. იგივეა $6-მილიარდიანი ინვესტიციაც“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები