საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ 2024 წლის აღწერის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ. აღწერის პროცესი დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხორციელდება 10 წელში ერთხელ, რომელიც მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსახლეობის აღწერა ორ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მონაცემები შეგროვდება ელექტრონულად, თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), აღსანიშნავია, რომ თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატმა შექმნა სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
„ინფორმაცია, რომლის მოგროვებასაც საქსტატი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება კომპანიების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შორის, დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით შესაბამის სამუშაო ადგილებისთვის ადამიანური რესურსების შეფასება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, კერძოდ, გავავრცელოთ ჩვენს წევრებში შესაბამისი ინფორმაცია და დავაინტერესოთ ბიზნესში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ თვითრეგისტრაციის პროცესში,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.