თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, N36-ში მდებარე 65 402 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის 25 იანვარს დასრულდა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 34 220 000 ლარად გაიყიდა.
ელექტრონულ აუქციონზე ობიექტი შპს "იონფაშ ჯორჯიამ" იყიდა. აუქციონით კონკრეტული საინვესტიციო პირობა განსაზღვრული არაა. ამიტომ, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ახალი მესაკუთრე, BMG "იონფაშ ჯორჯიას" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.
„იონფაშ ჯორჯია“ თურქეთიდან იმპორტირებული ავეჯის, ლამინირებული ხის და მეტალო-პლასტმასის მასალებით ვაჭრობს. კომპანია თურქული „იონფაშ ჯგუფის“ ნაწილია და საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. ის თბილისსა და ბათუმში, ჯამურად 26 000 კვადრატული მეტრის ფართობის, ორ საწყობს ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი თურქეთის მოქალაქე მერთ იუმუშაქერია. რაც შეეხება მესაკუთრეებს, წილი თურქეთის ოთხ მოქალაქეზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- ჰილმი დერინელი - 50%;
- უფუქ დერინელი - 23%;
- ადემ დერინელი - 22%;
- მერთ იუმუშაქერი - 5%.