მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეკლამო ბაზრის 20%-ით შემცირება პატარა საქმე არაა, რას გვთავაზობთ, რომ არ გადავშენდეთ? – TV პირველი

61b9a4e63112d
ინგა მურუსიძე
15.12.21 13:06
904
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება. პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გუშინ ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს. თავად კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტული თამაშების რეკლამების სექტორმა 2021 წელს 30 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად დაეცემა.

დღესაც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ტელევიზიების სახელით განცხადება გააკეთა "TV პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ და კანონპროექტის ინიციატორს რამდენიმე თხოვნით მიმართა - კერძოდ, რეკლამის სრულად აკრძალვის ნაცვლად დაწესდეს სარეკლამო დროის რეგულაცია და ასევე, კანონი ამოქმედდეს არა მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან, არამედ გონივრულ ვადაში. 

„რა ქმედითი ნაბიჯების შემოთავაზება შეგიძლიათ იმ დიდი დანაკლისის ასანაზღაურებლად, რაც სარეკლამო ბაზარს აკლდება? ანუ საუბარია 20%-ზე. ამის ალტერნატივად რას გვთავაზობთ როგორც მედიას, იმისთვის, რომ არ გადავშენდეთ? რას დაეყრდნო ის გადაწყვეტილება, რომ რეკლამის შესახებ ცვლილება 30 დღეში უნდა შევიდეს ძალაში? სარეკლამო ბაზრის 20%-ით შემცირება ჩვენთვის პატარა საქმე არ არის. ვიმსჯელოთ კანონის ამოქმედების გონივრულ ვადებზე.

რაც შეეხება სარეკლამო დროის შეზღუდვას, არც ერთ შემთხვევაში არ ვემხრობით მიდგომას, რომ სპორტულ არხებზე იყოს რეკლამა და ჩვენთან არა, თუ რაღაცა რეგულაცია იქნება, ყველა არხისთვის თანაბარი უნდა იყოს. რატომ არ შეიძლება დაწესდეს დროითი შეზღუდვები? მაგალითად, 22:00 საათის შემდეგ იყოს რეკლამა ან წამახალისებელი გათამაშება ნებადართული? რატომ არ შეიძლება ვიზრუნოთ შეზღუდვების გამკაცრებაზე და არა ტოტალურ აკრძალვებზე?

რეგულაციების გამკაცრების წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ ისე არ გაკეთდეს ყველაფერი, რომ ძალიან დავზარალდეთ.
თხოვნა გვაქვს, რომ ჩვენი ინტერესი გაითვალისწინოთ“, - მიმართა აბურჯანიძემ დავით სონღულაშვილს.

თავის მხრივ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ამავე დროს აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის  ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელია,  ნანა აბურჯანიძეს უთხრა, რომ „ყველაფერი გასაგებია და კანონპროექტის ვადებთან დაკავშირებით პოზიცია კანონპროექტზე მეორე მოსმენის დროს დაზუსტდება“.

კანონპროექტი ვრცლად



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები