მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა - TI

ტელევიზია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 18.8%-ით (15.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 95 მლნ ლარი გახდა. თუმცა ორგანიზაციის ცნობით, სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზეა გაზრდილი.

ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლების დინამიკა:

  • 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18.6%-ით (13.7 მლნ ლარით) გაიზარდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც და 87.4 მლნ ლარი გახდა. სარეკლამო შემოსავლების ზრდას წინ უსწრებდა 2022 წლის II კვარტალიდან აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის შეზღუდვის გამო სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 7.8%-იანი (თითქმის 10 მლნ ლარი) შემცირება. 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მხოლოდ 4.3 მლნ ლარით - 5.3%-ით გაიზარდა.
  • ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო (“იმედი”, “მედიაჰოლდინგი”, “პოსტვ”) მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა. ამასთან, მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 3.1-ჯერ (57.1 მლნ ლარი) აღემატება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს (18.4 მლნ ლარი).
  • პროსახელისუფლებო ტელევიზიებისგან განსხვავებით, შემცირდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი (“მთავარი არხი”, “ფორმულა”, “ტელეკომპანია პირველი”) ყველაზე შემოსავლიანი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი. მათგან 2022 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი ყველაზე მეტად - 2.1 მლნ ლარით - ტელეკომპანია “მთავარ არხს” შეუმცირდა.
  • პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯები: 2023 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში რეკლამაში 1.14 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც მხოლოდ 45,529 ლარი (4%-მდე) მოდიოდა სატელევიზიო რეკლამაზე. 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც პოლიტიკურ რეკლამის ნახევარზე მეტი - 631.1 ათასი ლარი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, დანარჩენი თანხა კი - 12 პარტიაზე გადანაწილდა.

2023 წელს, მაუწყებლებში ჯამში 1.6 მლნ ლარის სოციალური რეკლამა განათავსეს. სოციალური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავლები - 861.3 ათასი ლარი და 608.4 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა “მედიაჰოლდინგმა” (“რუსთავი 2”) და პოსტვ”-მ მიიღეს.

პროსახელისუფლებო ტელევიზიები მსხვილი (50 000+ ლარის) სარეკლამო დაკვეთებითაც ლიდერობენ. მაგალითად, 2023 წელს, ტელეკომპანია “იმედში” 216 ასეთი რეკლამა განათავსეს, “მედიაჰოლდიგში” კი - 109.

2023 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 28 მაუწყებლისგან ჯამში 206 სხვადასხვა ტიპის ღირებულების მომსახურება იყიდეს. აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში (127) სერვისის მიმწოდებლები პროსამთავრობო ტელემაუწყებლები იყვნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიების ხარჯები 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში 3-ჯერაც კი აღემატება მათ შემოსავლებს.

ნაციონალური დაფარვის მაუწყებლებთან შედარებით, კიდევ უფრო მწირია რეგიონული ტელევიზიების როგორც ჯამური, ისე სარეკლამო შემოსავლები. მაგალითად, 2023 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა რეგიონულმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია “ოდიშმა” მხოლოდ 240,013.63 ლარის ჯამური შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2023 წელს მათი შემოსავალი 7.6 მლნ ლარი იყო, რაც წინა, 2022 წლის მონაცემებს 21%-ით აღემატება. რადიომაუწყებლების შემოსავლების 90%-ზ მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი - სპონსორობაზე მოდიოდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები