"სარფში" ₾35 845-მდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტების და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 97,71 გრამი) და საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 22.84 გრამი) გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 844.83 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




























