ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რიგი მოთხივნები გაწერილია როგორ ტრანსპორტისთვის, ასევე სატრანსპორტო კომპანიებისა და იმ მოქალაქეებისთვის, რომელებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ კი რკინიგზით გადაადგილება აქვთ დაგეგმილი:
• სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი უზრუნველყოფა;
• საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობა;
• ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით მომხმარებელთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
• სერვის ცენტრებში უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერების განთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულად მოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
• სერვის ცენტრის მოსაცდელ დარბაზში, ხელმისაწვდომ ადგილას ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება;
• პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა - წყლითა და თხევადი საპნით უზრუნველყოფა;
• სამუშაო ადგილებზე 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და დასაქმებულების ინფორმირებულობა;
• მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
• სამუშაო სივრცეები განიავება; თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; უზრუნველყავით თქვენს სამუშაო სივრცეში დასაქმებულები/მესამე პირები გამართული სავენტილაციო სისტემით;
• მომსახურების ცენტრებში გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), ჩაფენილი ერთჯერადი პლასტიკური პარკით. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
• ყოველი სამუშაო დღის შემდგომ სამუშაო სივრცის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია ჯანდაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების N6 დანართის შესაბამისად;
• სამუშაო სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
• ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ;
• უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3-ჯერ დღეში. ყოველი დღის ბოლოს სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია ჯანდაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების N6 დანართის შესაბამისად;
• იზღუდება მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტების გაზეთების გავრცელება;
• იკრძალება ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. (გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა) მგზავრებისთვის გადაცემა.
მგზავრობის დაწყებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები ინფორმაცია მგზავრებისთვის:
• მგზავრმა შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალება;
• საერთო გამოყენების ადგილებში უნდა დაიცვას უსაფრთხო დისტანცია და გამოიყენოს ნიღაბი;
• ბილეთის შეძენა უნდა მოხდეს წინასწარ (რეკომენდირებულია ელექტრონულად), რათა თავიდან იქნას აცილებული რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება;
• გაჩერებებზე/სადგურებზე უსაფრთხო დისტანციის დაცვა სხვა პირებთან.
რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი სატრანსპორტო კომპანიისათვის გასათვალისწინებელი და დასაცავი წესები, მგზავრობის პროცესში გასატარებელი ღონისძიებები და მოთხოვნები მატარებლის სალონისადმი.