პარლამენტში "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტი განიხილება, რომელიც ირიგაციის სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ სარწყავი წყლის ტარიფებს სავარაუდოდ, 2024 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დაადგენს.
ტარიფების დადგენამდე კი, ამ სექტორში ახალი ცნება შემოდის – ქვეყნის მასშტაბით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებიც სასმელი წყლის დანიშნულების ადგილამდე მიტანას, მათ მართვაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების დახმარებით უზრუნველყოფენ. თავის მხრივ, კანონპროექტში წერია, რომ ასეთ ორგანიზაციებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პირველადი წყალმოსარგებლე გააკონტროლებს, რადგან სწორედ ეს სიპი განახორციელებს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვას, მოვლა-შენახვას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის საირიგაციო მომსახურებას გაწევას.
"კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია გასარწყავებული ფართობების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა შემოსავლისა და ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის ზრდა", – წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
კანონს, რომლის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. კანონპროექტის მომზადების პროცესში მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა მიწის ბაზრის გავითარების პროექტის" ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.