თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსის თორნიკე კაპანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ხოლო დაცვის პოზიცია კაპანაძის 150 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ გაიზიარა.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, თორნიკე კაპანაძეს ბრალად ედება ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. გამოძიების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებდა თანადაფინანსებას ფიზიკური პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად.
„2021-2024 წლებში თორნიკე კაპანაძე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში. იგი სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და სხვა პირებთან ერთად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ახორციელებდა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
თორნიკე კაპანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლება, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























