მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საშემოსავლო გადასახადის შეღავათს ვადა გასდის - რაზე შეთანხმდა მთავრობა და ბიზნესი?

60abba469e220
ელენე გოგბერაშვილი
24.05.21 21:21
1698
ერთი წელია, რაც კერძო სექტორი საშემოსავლო გადასახადის შეღავათს იღებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესი 1500 ლარამდე ხელფასის 750 ლარის მოცულობით საშემოსავლო გადასახადისგან ექვსი თვით გასული წლის მაისიდან გათავისუფლდა, პროგრამა დეკემბრიდან კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

ბიზნესი ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გამქრალა და კერძო სექტორს კვლავ ჰაერივით სჭირდება მთავრობის დახმარება.

საგადასახადო შეღავათების გაგრძელების სურვილი მთავრობასთან გაზიარებული აქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც. როგორც BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, არსებობს შეთანხმება, რომ შეღავათის გაგრძელება/არ გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება მოქმედი რეგულაციების შემსუბუქება ეკონომიკისთვის სტიმული და შეეძლება თუ არა ბიზნესს კვლავ მოემსახუროს არსებულ საგადასახადო ვალდებულებებს.

“ჩვენი შეთანხმება იყო, რომ ერთად დავკვირვებოდით იმას, თუ რა ეკონომიკური სტიმული ექნებოდა შეზღუდვების მოხსნას და ექნებოდა თუ არა კომპანიებს ვალდებულებების სრულად შესრულების შესაძლებლობა, რაც აქამდე ჰქონდათ და შესაბამისად არ დადგეს საჭიროება საშემოსავლო გადასახადის დატოვების. თუ დადგება საჭიროება საშემოსავლო გადასახადი კვლავ დავუტოვოთ, ეს იმაზეა დამოკიდებულია როგორი მაჩვენებლები გვექნება. შეთანხმებული ვართ, რომ ერთად შევხედავთ ამ მაჩვენებლებს და მერე მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას“- აცხადებს ვეფხვაძე.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გასულ კვირას bm.ge-სთან განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ბიზნესის მხარდამჭერი ერთ-ერთი კარგი ღონისძიებაა, მაგრამ როცა Covid-შეზღუდვები ნელნელა იხსნება და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა იზრდება, შესაძლოა, ის ნაკლებად ეფექტიანიც იყოს. გიორგი კაკაურიძემ ისიც თქვა, რომ მიმდინარე საგადასახადო თუ სოციალური შეღავათები, რომლებიც უახლოეს პერიოდში იწურება, არსებული სახით ვერ გაგრძელდება.

რაც შეეხება საშეღავათო პროგრამას, საშემოსავლო გადასახადის შეღავათისთვის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე მთავრობას 260 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, რომელიც 33 ათას კომპანიას და 425 ათას დასაქმებულს უნდა შეეხოს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად კერძო სექტორმა 128 მილიონი ლარის სარგებელი უკვე მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები