სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ განაცხადა, რომელმაც უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და მიმდინარე სამეურნეო წლის პროგრამებზე ისაუბრა.
ზაზა შავაძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით გაზრდილი 2025 წლის ბიუჯეტი, 36 820 550 ლარია და მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას. მისივე თქმით, სამინისტრო განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც არანაკლებ 2500 პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განცხადებითვე, უწყების მზარდი ბიუჯეტი ორიენტირებულია აგროსექტორის მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
"გამოშვებული პროდუქცია, როგორც პირველადი, ასევე გადამუშავებული არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია ქვეყნიდან აგროექსპორტი. ეს წლიდან წლამდე ზრდადია. მსგავსი მონაცემები გვაქვს რეგიონულ ჭრილშიც.
2024 წლის განმავლობაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ ₾17,6 მილიარდს გადააჭარბა, რაც ₾860 მლნ-ით არის გაზრდილი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ აქცენტი გაკეთდეს ექსპორტისას მაღალანაზღაურებად ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი. ამ მიმართულებით საჭიროა, რომ ჩვენმა აგრომეწარმეებმა გაიარონ შესაბამისი სერტიფიცირება და შესაბამისი სტანდარტტები დანერგოც. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის მიმართულებითაც ექსპორტი გაზრდილია და გასული წლის მაჩვენებლით 180 მლნ-ს გადააჭარბა. ეს არაა დიდი ციფრი, თუმცა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია", - განაცხადა შავაძემ.




























