"მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ახალი სასტუმრო Idea Collection-ის პროექტი ერთ-ერთი ურთულესი იყო", - ამის შესახებ ქართულ-სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა ნოდარ გიორგაძემ bm.ge-ს განუცხადა. მისივე თქმით, თავდაპირველად სასტუმროს ინვესტიციად 12 მლნ ევრო იყო გათვლილი, თუმცა საბოლოოდ 23.5 მილიონი ევრო დაჯდა.
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე „ჯინო ჰოლდინგის“ მიერ აშენებული სასტუმრო Idea Collection-ი სტუმრების მიღებას მაისის ბოლოდან შეძლებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2025 წლის პირველ ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა მისი გახსნა დაახლოებით ერთი წლით გადავადდა.
“ეს პროექტი არცთუ ისე მარტივი იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრი პროექტი გამიკეთებია, როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი პროექტი იყო თავისი მდებარეობით, გეოლოგიით და იქ არსებული ისტორიული ძეგლების გათვალისწინებით. მინდორში რაიმეს როცა აშენებთ, იქ ბევრი საშუალება გაქვთ თქვენი ფანტაზიის მეშვეობით და ფინანსების გათვალისწინებით ფრთები გაშალოთ, მაგრამ ეგ ადგილი [მელიქიშვილის გამზირი] იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისელისთვის, რომ სასტუმროს ეს შენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამ შემთხვევაში მოგებიანობა ნამდვილად არ იყო პრიორიტეტი, პრიორიტეტი იყო საერთოდ აშენებულიყო ეგ შენობა.
რაც შეეხება ინვესტიციას, თავიდან იყო გათვლილი 12 მილიონ ევროზე, მაგრამ მერე დავინახეთ, რომ ეს თანხა არ იყო საკმარისი, ჩვენი გემოვნებაც სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა და ინვესტიციაც შესაბამისად იზრდებოდა. ასე ავიდა ჯერ 18 მილიონ ევროზე, საბოლოო მასშტაბში კი დაგვიფიქსირდა 23.5 მილიონი ევრო”, - განაცხადა ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება იქ მდებარე სხვა შენობების რეკონსტრუქციები, რათა ის ტერიტორია ერთ ფორმატში მოექცეს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Idea Collection-ი 67 ნომერზეა გათვლილი, აქვს 75-ადგილიანი პარკინგი მიწისქვეშ.
“იქნება ჯაზ-ბარიც, რომელიც ისეთნაირადაა მოწყობილი აკუსტიკით, სხვათა შორის საკმაოდ ძვირად და საკმაოდ საინტერესოდ, რომ არავის არ შეაწუხებს ხმაური, საერთოდ ხმა არ გამოდის გარეთ. გარდა ამისა, მერვე სართულზე არის უკვე ველნეს-სპა და ფიტნეს ცენტრი, სადაც 5 სხვადასხვანაირი საუნაა, ასევე, ფიტნესი, ლობი ბარი, ხოლო ბოლო სართულზე არის გადახურული აუზი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ მოქმედებს. ერთ კომპლექსში ყველაფერი ამ ადგილას, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს თავისი, რა თქმა უნდა, რესტორნით და ყველა იმ ატრიბუტიკით, რომელიც შესაბამის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს”, - განაცხადა “ჯინო-ჰოლდინგის” მმართველმა პარტნიორმა.
მისივე თქმით, ამჟამად სასტუმრო გახსნისთვის მზადაა და ტესტირების რეჟიმშია, რათა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ყველანაირი შეფერხება გამორიცხული იყოს.




























