მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასურველია, ბიზნესომბუდსმენის არჩევის უფრო თანამედროვე მეთოდოლოგია გვქონდეს"

63d9330ba7e55
BM.GE
31.01.23 19:35
535
მალე ერთი წელი შესრულდება რაც ბიზნესომბუდსმენის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ დანელია დანიშნა. პოსტი ყველაზე რთული, პანდემიური 2 წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.

ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2020 წლის სექტემბერში გათავისუფლდა, როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა. 2 წლის განმავლობაში მის მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებდა. კერძო სექტორი, ჯერ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილს პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნას სთხოვდა. იყო ინიციატივაც ბიზნესის ინტერესების დამცველად თავად კერძო სექტორის წარმომადგენელი დანიშნულიყო.

აღნიშნული ინიციატივა ბიზნესს დღესაც აქვს. როგორც კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი აცხადებს, ბიზნესომბუდსმენის არჩევის წესი შესაცვლელია. მისი თქმით, შესაბამისი კადრის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მისი საქმიანობა იყოს დამოუკიდებელი.

“სასურველია, რომ უფრო თანამედროვე მეთოდოლოგია გვქონდეს ბიზნესომბუდსმენის არჩევის. ვფიქრობ, რომ აქამდე არსებული სისტემა არის მოძველებული. აღიქმება, რომ ბიზნესომბუდსმენი უფრო მეტად ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია, რადგან ინიშნება ხელისუფლების მიერ. ამიტომ თუ კი მოვიფიქრებთ რაღაც სხვა სისტემას, რაც უფრო მეტად დამოუკიდებელს გახდის მას ბუნებრივია ეს უფრო წაადგება როგორც ბიზნესს ისე ქვეყანას. შეიძლება ეს იყოს ხელისუფლებისა და ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესასოციაციებთან ერთად შეიქმნას ისეთი სისტემა, რაც უფრო სანდოს გახდის არჩეულ კანდიდატთან მუშაობას", - აცხადებს კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი.

აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმაც ისაუბრა. „ბოლო პერიოდში არ მახსენდება აზრიანი შეხვედრა, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს შეიძლებოდა მოეწყო", - განაცხადა მან და ხელისუფლებას ომბუდსმენის არჩევაში ბიზნესის ჩართულობა ისევ შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები