მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სატარიფო მუქარები მიუღებელია“ - მაკრონი ტრამპს პასუხობს

დონალდ ტრამპი

"სატარიფო მუქარები მიუღებელია" - ასე პასუხობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის განცხადებას, 1 თებერვლიდან ევროპული ქვეყნებისთვის, გრენლადიის საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ტარიფების დაწესების შესახებ.

ის X-ზე წერს, რომ ვერანაირი მუქარა მათზე გავლენას ვერ მოახდენს და ტრამპის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე ევროპის ქვეყნებს ერთობლივი, კოორდინირებული პასუხი ექნებათ.

„საფრანგეთი ერთგულია ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა, როგორც ევროპაში, ისე სხვაგან. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს და საფუძვლად უდევს ჩვენს ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი წესდების მიმართ.

სწორედ ამიტომ ვუჭერთ და კვლავაც დავუჭერთ მხარს უკრაინას და შევქმენით „მოხალისეთა კოალიცია“ მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობისთვის, რათა დავიცვათ ეს პრინციპები და ჩვენი უსაფრთხოება.

ასევე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევერთებოდით დანიის მიერ ინიციირებულ წვრთნებს გრენლანდიაში. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვადასტურებთ, რადგან ეს ეხება უსაფრთხოებას არქტიკაში და ჩვენი ევროპის საზღვრებთან.

ვერანაირი დაშინება თუ მუქარა ვერ მოახდენს ჩვენზე გავლენას — არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც მსოფლიოს სხვა წერტილში, როდესაც მსგავსი სიტუაციების წინაშე ვდგავართ.

სატარიფო მუქარები მიუღებელია და ამ კონტექსტში მათ ადგილი არ აქვთ. მათი დადასტურების შემთხვევაში, ევროპელები უპასუხებენ ერთიანი და კოორდინირებული ფორმით. ჩვენ შევძლებთ ევროპული სუვერენიტეტის დაცვას.

სწორედ ამ სულისკვეთებით გავმართავ მოლაპარაკებებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - წერს მაკრონი.

შეგახსენეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის მიმართ ამოქმედდება. ტრამპის თქმით, ეს ტარიფები 1 ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება და მანამ შენარჩუნდება, სანამ აშშ-ის მიერ გრენლანდიის „სრულ და საბოლოო შესყიდვაზე“ შეთანხმება არ მიიღწევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები