მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სატარიფო შეღავათები ექსპორტის მოცულობას გაზრდის" - ნუშისა და კაკლის მწარმოებელი

თორნიკე ლათათია

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კაკლოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ერთად წარდგნენ საერთაშორისო გამოფენაზე.

ასოციაციის დამფუძნებელი და “ნათს ინქორფორეითიდის” დირექტორი, თორნიკე ლათათია ამბობს, რომ მათი მიზანი კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრა იყო, რომელიც სახელმწიფოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით განხორციელდა. BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ საუბრისას ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ეს იყო მწარმოებლებზე მორგებული გამოფენა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტებიც დაიდო.

"სატარიფო მიმართულებით ლობიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არიან ქვეყნები, რომლებიც სარგებლობენ კონკრეტული შეღავათებით, მათ შორის თხილზე, კაკალზე, ნუშზე. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ქართულ პროდუქციაზე საფასო შეღავათები ექსპორტის შემთხვევაში დაწესდეს, ეს საკმაოდ გაზრდის ბრუნვის მოცულობებს. თუმცა, თუმცა, დღევანდელი რეალობითაც უკვე დაიდო რამდენიმე კონტრაქტი. პირადად გვქონდა სატესტო ექსპორტები უკვე, როგორც “ნათს ინქორფორეითიდს”.

შესაძლებლობები უზარმაზარია, მოცულობები ძალიან საინტერესოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია. ინდუსტრიას სჭირდება სწორ ბაზრებზე მოხვედრა, სადაც მაღალ საფასო სეგმენტში მოახდენს პოზიციონირებას. ინდოეთი არის უსაზღვრო შესაძლებლობა, სადაც ბევრნაირი ბაზარი არსებობს და ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტით სწორ და შესაბამის ადგილს დავიკავებთ“, - ამბობს ლათათია.

უსაზღვრო შესაძლებლობების პარალელურად, თორნიკე ლათათია იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც ლოგისტიკას უკავშირდება. მისი თქმით, წითელ ზღვაში შექმნილი პრობლემების გამო, საქართველო ტრანზიტულ ქვეყნებს იყენებს, რაც ტვირთის დროულად ჩასვლას აჭიანურებს.

„ტრანსპორტირების ნაწილში, ძირითადი გამოწვევა ლოგისტიკასთან მიმართებით წითელ ზღვაში შექმნილი პრობლემებია. ასევე, ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ ტრანზიტულ ქვეყნებს ვიყენებთ, როგორიცაა თურქეთი, საბერძნეთი, საიდანაც ტვირთის გადადება ხდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც პროცესს დროში წელავს. ვფიქრობ, რომ როცა სიტუაცია დასტაბილურდება, მათ შორის წითელ ზღვაში, მიწოდებას აშშ-სა და ჩილესთვის სწრაფად შევძლებთ. ზოგადად, დაახლოებით 20-25 დღეში ტვირთი დანიშნულების ადგილზე ჩატანადია, თუმცა ახლა 35 დღემდე გვჭირდება. მიწოდების ნაწილში ცალსახად კონკურენტული უპირატესობა გვექნება. პლუს, თუ ჩვენ შევძლებთ საფასო ნაწილში მნიშვნელოვანი შეღავათების მიღებას, მაშინ გაყიდვის ნაწილში პრობლემა არ გვექნება", - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ, რომლის კომპანიაც წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 ტონა პროდუქტს აწარმოებს და ექსპორტზე 16 ქვეყანაში გადის.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებლის და “ნათს ინქორფორეითიდის” დირექტორის ინფორმაციით, ინდუსტრია ახლა არის იმ ეტაპზე, როდესაც შიდა მოხმარება ფაქტობრივად დაფარა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსავალი ორმაგდება, რაც საექსპორტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს ურთიერთობები დამყარდეს, პარტნიორობები შედგეს, რომ ერთი მხრივ, მომხმარებელმა და მეორე მხრივ, მიმწოდებელმა მარტივად შევძლოთ ნდობის დამყარება“, - ამბობს ლათათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები