ბოლო დორს, გლობალურ კრიპტობირჟაზე ფასების აღმასვლა გრძელდება. ბიტკოინი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული კრიპტოვალუტაა, ერთ მონეტაზე $118,357-ად ივაჭრებოდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. გასულ ერთ წელიწადში, ბიტკოინის ფასი 105%-ითაა მომატებული, რაც გაორმაგებას ნიშნავს, ხოლო კრიპტოვალუტის შექმნის შემდეგ, ბიტკოინი საერთოდაც 190,000,000%-ით არის გაძვირებული, რაც მას ყველაზე დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო აქტივად აქცევს.
ბოლოდროინდელი აღმასვლის ფონზე, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.3 ტრილიონამდე გაიზარდა, ხოლო კრიპტოინდუსტრიის ჯამური შეფასება $3.7 ტრილიონს მიუახლოვდა. ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების რეკორდული გაძვირების ფონზე, ბევრი ადამიანი მილიონერად და მილიარდერად იქცა. ბლოკჩეინის ანონიმური ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ ფლობს ყველაზე დიდი ღირებულებით ბიტკოინს, მაგრამ საჯაროდ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით კონკრეტული, შედარებით ლოგიკური ვარაუდების გამოთქმა მაინც შესაძლებელია.
ბიტკოინის აქტივების ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი კრიპტოვალუტის შემქმნელი, ვინმე სატოში ნაკამოტო უნდა იყოს. კონკრეტულად ვინ არის სატოში ნაკამოტო, არის ის ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი და არსებობს ან ცოცხლობს თუ არა ის საერთოდ — კრიპტოინდუსტრიის ყველაზე დიდი საიდუმლოა. ერთადერთი, რაც სატოში ნაკამოტოს შესახებ ვიცით ისაა, რომ პირველი ციფრული ვალუტის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ე.წ. White Paper-ი ინტერნეტში სწორედ ამ ფსევდონიმის ქვეშ გამოქვეყნდა.
სატოში ნაკამოტოს ვინაობის დასადგენად არაერთი არაფორმალური გამოძიება ჩატარებულა და ბევრი დოკუმენტური ფილმი გადაღებულა, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ამ ფსევდონიმის მიკერება ბევრად საფუძვლიან არგუმენტებს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ მომხდარ მოვლენებს შორის კორელაციის დანახვაა. საპირწონედ ამისა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ სატოში ნაკამოტო გამოჩენას არასდროს გეგმავს ისაა, რომ მასთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებზე არანაირი ტრანზაქციები არ ფიქსირდება, ანუ ბიტკოინის შექმნიდან, ამ დრომდე, სატოში ნაკამოტოს ფინანსურად ჯერ არ უხეირია, სულ მცირე პირდაპირ.
სხვადასხვა მონაცემებით, ბიტკოინის შემქმნელთან რამდენიმე ათეული კრიპტოსაფულე არის დაკავშირებული, რომლებიც რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ბიტკოინს ინახავენ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია — ის მისამართია, რომელზედაც ისტორიაში პირველი 50 ბიტკოინი ჩაირიცხა, რომელიც სატოში ნაკამოტომ მაინინგის სანაცვლოდ მიიღო. თუმცა სხვა მონაცემებით, სატოში ნაკამოტოსთან, სავარაუდოდ, დაკავშირებულ სხვადასხვა კრიპტოსაფულეებში ჯამში დაახლოებით 1.1 მილიონი ბიტკოინი ინახება, რაც ბიტკოინის ჯამური მიწოდების 5.2%-ია.
დღევანდელი ფასებით, ამ ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით $130 მილიარდია, ანუ თუ სატოში ნაკამოტო მართლაც არსებობს და თან, ამ რაოდენობის კრიპტოვალუტას ფლობს, ის მსოფლიოს რიგით მე-12 ყველაზე მდიდარი ადამიანი უნდა იყოს. ქონების სავარაუდო შეფასებით სატოში ნაკამოტო ბევრ ცნობილ მილიარდერს უსწრებს, მათ შორისაა: Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი, მუკეშ ამბანი და INDITEX-ის დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა.




























