საწვავის დაზოგვის მიზნით, Lufthansa-მ მაისიდან ოქტომბრამდე 20 ათასი რეისი გააუქმა. ეს არის საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემცირება მას შემდეგ, რაც ირანის ომის გამო საავიაციო საწვავზე ფასი გაორმაგდა.
კერძოდ, 21 აპრილს გერმანულმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ დღეში დაახლოებით 120 რეისს გააუქმებს. ამას გარდა, კომპანიაში თქვეს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულებამდე (ოქტომბრის შუა რიცხვები) მიუნხენიდან და ფრანკფურტიდან არამომგებიან მარშრუტებს ამოიღებენ.
„ჯამში, ოქტომბრის ჩათვლით, განრიგიდან 20 ათასი რეისი გაუქმდება, რაც დაახლოებით 40 ათასი ტონა საწვავის ეკვივალენტია“, - აცხადებენ Lufthansa-ში.
საავიაციო საწვავზე ფასი წინა კვირასთან შედარებით 7%-ით შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, კვირის საშუალო ფასი ბარელზე 185 დოლარს შეადგენს. თუმცა რეგიონულ ჭრილში საწვავის ფასი განსხვავდება და ევროპაში ბარელის ფასი 188 დოლარს აღწევს, ახლო აღმოსავლეთში 198 დოლარი, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 167 დოლარი.
წლიურ ჭრილში საავიაციო საწვავზე ფასი კვლავ გაორმაგებული რჩება. ფასის უპრეცედენტო ზრდამ გლობალურ ავიაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.




























