დღეიდან მელიორაციის სექტორში წყლით სარგებლობის ახალი ტარიფები ამოქმედდა. სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება 1 ჰექტარზე ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 75 ლარიდან 116.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში საფასური 102 ლარი გახდა.
მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულებას სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349.50 ლარით, მრავალწლოვანის შემთხვევაში კი 306 ლარით დაასუბსიდირებს. შემდგომი მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, კი მომსახურების საფასურს მომხმარებელი გადაიხდის.
კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს სუბსიდიის მიუხედავად ფერმერებს ხარჯი ეზრდებათ. ფასების ზრდის საერთო ფონის გათვალისწინებით კი ეს ნიშნავს, რომ ფერმერს პროდუქციის წარმოება წელს გაცილებით ძვირი დაუჯდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს მსუყედ ასუბსიდირებს სახელმწიფო, მაინც გაიზარდა მელიორაციის მიმართულებით ხარჯი. ერთ კონკრეტულ წელს თუ ავიღებთ, ფასი იზრდება. საწვავის ფასის ზრდასთან, სასუქის ფასის ზრდასთან, მუშახელის ანაზღაურების ზრდასთან ერთად თუ ავიღებთ წყლის გაძვირებასაც, თითოეული კომპონენტი საბოლოო ჯამში უკვე გადაითარგმნება იმაში, რომ ფერმერის მიერ მოყვანილი პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება და შესაბამისად, იძულებული იქნება ფერმერი გაზარდოს ფასი”,-აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
ფერმერების ნაწილი მზადაა საჭირო დროს საჭირო წყლის რესურსის არსებობის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფი გადაიხადოს, ეს შეიძლება არ იყოს დიდი წნეხი ფასებზე, თუმცა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით საერთო ჯამში სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერებს პროდუქციის მოყვანა უძვირდებათ.
“ნებისმიერი ფასნამატი წყლის გადასახადი იქნება თუ ნებისმიერი სხვა წარმოებაზე აისახება და პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის. წყლის გაძვირებასაც გავლენა ექნება, მაგრამ მნიშვნელოვნად არა როგორც სასუქებია წელს გაძვირებული, პესტიციდებსაც შეეხო გაძვირება და ასევე კარტოფილის ფართობებზე დიზელი ძალიან გვჭირდება. ვფიქრობ, ყველაფერი ერთად კილოგრამი კარტოფილის წარმოებას წელს საშუალოდ 30%-ით გაზრდის”-აცხადებს ფერმერი ილია ყავრელიშვილი.
აღსანიშნავია, რომ თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 116,5 ლარზე მეტი, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 350 ლარამდე თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის;
თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 102 ლარზე მეტი, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 306 ლარამდე ოდენობის თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის.
სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი შემდეგი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.



























