საუდის არაბეთმა სირიაში $6.4-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივის მიზანი 14-წლიანი სამოქალაქო ომით განადგურებული ქვეყნის რეკონსტრუქციაა.
სირიის ხელისუფლებისთვის დოკუმენტის გადასაცემად საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი, ჰალიდ ალ-ფალიჰი დამასკოში თავად ჩავიდა. ახალი შეთანხმება უძრავ ქონებაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ტელეკომუნიკაციებში და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში $6.4 მილიარდის ინვესტირებას მოიცავს. ინიციატივის განხორციელებაში Saudi Telecom Company, GO Telecom-ი, Classera და სხვა არაერთი არაბული კომპანია ჩაერთვება.
სირიასა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმება სულ 47 პროექტის განხორციელებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ გარიგების ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საბჭოც შეიქმნება.
სირიის მიმართ საუდის არაბეთის დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასული წლის დეკემბერში ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ბაშარ ალ ასადი გაიქცა და ძალაუფლება ხელში აჰმედ ალ შარაას ძალებმა აიღო. ახალ ლიდერს საუდის არაბეთი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და, სავარაუდოდ, სირიაში მომავალშიც არაერთ პროექტს განახორციელებს.




























