საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის “საუდი პრო ლიგის” გაძლიერების შემდეგ არაბები თავიანთი გავლენების კიდევ უფრო გამყარებას აპირებენ.
როგორც გამოცემა The Independent წერს, არაბული ჯგუფი აპირებს ესპანური “ვალენსიისა” და ფრანგული “მარსელის” შესყიდვას გეგმავს.
მათი არჩევანი კლუბების უდიდესი ისტორიის, მემკვიდრეობისა და ამჟამინდელი კრიზისული ვითარების გათვალისწინებითაა განპირობებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით შეზღუდული ინვესტიციებით მათ დიდ შედეგებსა და მოგებაზე გასვლა შეეძლებათ. გამოცემა Transfermarkt ორივე კლუბს 300-იდან 350 მილიონამდე აფასებს.
მაგალითისთვის, ინგლისური “ნიუკასლი” გამოდგება, რომელიც 2021 წელს არაბებმა შეისყიდეს, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე 300 მილიონი ევრო დახარჯეს და კლუბი 20 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნეს.
მიუხედავად იმისა, რომ “ვალენსია” ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია სამომავლო მიზნების მისაღწევად, მისი შესყიდვა არაბებს, ჯერჯერობით, გაუჭირდებათ, რადგან კლუბის მფლობელი პიტერ ლიმი გუნდის გასხვისებას ახალი სტადიონის აშენებამდე არ აპირებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წელს ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ დროისთვის მოედნის მშენებლობა დასრულებული იქნება და საუდელებსაც კლუბის შეძენა იმ დროისთვის ბევრად უფრო გაუმარტივდებათ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა აქვს განზრახული და ახალი კლუბების შეძენით ევროპაში გავლენების გამყარება მათ მიზანს კიდევ უფრო დააახლოებს.