მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი“ - Melaanian Vintage - Guest House-მა პირველ დამსვენებელს უმასპინძლა

616bc0a72d3b1
მარიამ იზორია
17.10.21 15:50
880
კახეთში მდებარე ეკოტურისტულმა კომპლექსმა Melaanian Vintage - Guest House-მა სექტემბრიდან პირველ დამსვენებლებს უმასპინძლა. როგორც კომპლექსის დამფუძნებელი თეო თაბორიძე bm.ge-სთან ამბობს, ჯერჯერობით ადგილობრივი ვიზიტორები ჰყავდათ, მარტიდან კი საერთაშორისო ვიზიტორების ჯავშნებიც აქვთ.

„კომპლექსი ბაზარზე გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა, ჯერ კიდევ არ ვიყავით მზად, როგორც განთავსების ობიექტი და უკვე შემოგვდიოდა მოთხოვნები, როგორც ინდივიდუალური, ასევე ტურისტული კომპანიებისგან, სექტემბრის დასაწყისში უკვე სტუმრების მიღებაც მოვახერხეთ, ჯერჯერობით ადგილობრივ დამსვენებლებს მოვემსახურეთ, მარტიდან კი ჯავშნები უკვე საერთაშორისო ვიზიტორებისგან გვაქვს“ - ამბობს ეკოტურისტული კომპლექსის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ წელს, საოჯახო სასტუმრომ CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

„Melaanian Vintage - Guest House ეკოტურისტული ობიექტია და, რა თქმა უნდა, მწვანე პრინციპებს მომსახურებაშიც ავსახავთ, ჩვენი ბიზნესი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თემის გაძლიერებას, ბუნებრივი ტყის პროდუქტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებას და, რაც მთავარია ვცდილობთ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. სწორედ ეს მიდგომები გახდა ამ ნომინაციაში გამარჯვების მიზეზი. ეს შედეგი სტიმულია იმისთვის, რომ უფრო მეტად ვიზრუნოთ გარემოზე, ადგილობრივებზე და შევქმნათ საინტერესო მწვანე ტურისტული პროდუქტები“ - ამბობს თეო თაბორიძე.

ცნობისთვის, ეკოპრინციპებზე აგებული საოჯახო კომპლექსი დამსვენებელს სასტუმროში განთავსებას, კვებას, დეგუსტაცია-მასტერკლასებსა და ტურებს სთავაზობს. Melaanian Vintage –Guest House-ის დამფუძნებელმა პროექტი ნულოვანი ინვესტიციით განახორციელა, შემდგომ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები