მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საუნივერსიტეტო განათლების მიზანი არ შეიძლება მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე" - ილიაუნის რექტორი

ნინო დობორჯგინიძე

"საუნივერსიტეტო განათლების მიზანი არ შეიძლება მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე. საუნივერსიტეტო განათლების მთავარი მიზანია, უნივერსალური აზროვნების პრინციპები ასწავლოს სხვადასხვა დარგების მიხედვით, რომელსაც მერე იყენებს აკადემიური საზოგადოება" - ასე პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე განათლების სამინისტროს "შრომის ბაზრის კვლევას", რომლის შედეგებიც დღეს "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინეს.

როგორც ნინო დობორჯგინიძემ მედიასთან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუნივერსიტეტო საზოგადოებას კვლავ რჩება კითხვები, რის გამოც ის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს.

"რაც შეეხება ბაზრის კვლევას, ის შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი რჩება კონკრეტული კითხვები (ჩვენი, პროფესორ-მასწავლებლების კითხვები მე წარმოვადგინე); მაგალითად, სახელმწიფოს რომ აქვს აღიარებული დეფიციტურ პროფესიებად და სტიპენდიებს გასცემენ გარემოს დაცვის სააგენტო, სატყეო სააგენტო და სხვები, იმ მიმართულებაშიც კი არ არის შესაბამისი კვოტები, ზოგში საერთოდ არ გამოაცხადეს. საუნივერსიტეტო საზოგადოება ითხოვს აუცილებლად ამ საკითხებზე შეხვედრას და შეგვპირდნენ, რომ იქნება შეხვედრა და გაივლიან ამას.

არ შეიძლება საუნივერსიტეტო სისტემის ასე, უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარეშე დაჭრა, შეცვლა - ეს იწვევს შემდეგ ძალიან დიდ გაუგებრობებს. მაგალითად, არასაჭირო სპეციალობებზე მოთხოვნებს და საჭირო სპეციალობებზე არ-მოთხოვნებს. აღარაფერს ვამბობ ფსევდომეცნიერებებზე და რაღაც შარლატანობაზე", - ამბობს ილიაუნის რექტორი.

ნინო დობორჯგინიძის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტებზე დაწესებული კვოტირებები პრობლემურია, რადგან, სინამდვილეში, სხვადასხვა მიმართულებით გაცილებით მეტი სპეციალისტია საჭირო.

"ჩემი პრეტენზიები იყო კონკრეტულად [კვოტებთან] დაკავშირებით. მაგალითად შუა საუკუნეების კვლევების ფაკულტეტზე, რომელსაც ხუთი ადგილი აქვს გამოცხადებული, ამ პროგრამის კურსდამთავრებულები ასევე სწავლობენ ციფრული რესურსების შექმნას და წინაათონური, ათონური, ანტიოქიური, მთელი მოგვიანო, ადრეული მოდერნობის პერიოდის საერთაშორისო გამოცემებს აკეთებენ - აქ ხუთი ადგილია და მაგალითად, ნეოგრეცისტიკაზე - 30", - აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

ცნობისთვის, დღეს "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები