"რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის სვალდებულოობა არ არის გამოსავალი, არამედ საჭიროა, მოქალაქეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.
როგორც პაპაშვილმა bm.ge-ს უთხრა, ის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ არის, ისევე როგორც - სავალდებულო covid-პასპორტების შემოღების.
„ეს საკითხი ჩემს პროფესიულ საქმიანობას სცდება, თუმცა ალბათ მეტი პოპულარიზაცია, მეტი განმარტებაა საჭირო, რადგან არათუ სავალდებულოობა აიძულებს და მოუწოდებს ადამიანებს, რომ აიცრან, არამედ მეტი განმარტება, მეტი ინფორმაცია და მეტი ე.წ. მარკეტინგი.
მე ვფიქრობ, ეს უფრო სჯობს, ვიდრე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება. უნდა ავუხსნათ ხალხს და განვუმარტოთ; არ მგონია, ისეთი გაუგებარი იყოს, რომ ვერ გაიგონ. მეტ ინფორმაციაა საჭირო. ვფიქრობ, ძალდატანება უკუშედეგს იწვევს, ისტორიულად ეს ასეა მთელ მსოფლიოში ყველა ვაქცინასთან მიმართებით. ვაქცინაციას 400-წლიანი ისტორია აქვს და კაცობრიობას ყოველთვის უჭირდა ახალი ვაქცინის მიღება. ვფიქრობ, ლოიალურები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
რაც შეეხება covid-პასპორტების შემოღების თემას, Bm.ge-ს კითხვაზე, რა პოზიცია ექნება პირადად მას, თუკი სახელმწიფომ ე.წ. "მწვანე პასპორტების" დანერგვა სავალდებულო გახადა, ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის სავალდებულოობის მომხრე არ არის.
"covid-პასპორტების პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, თუმცა ვფიქრობ, არ არის ქვეყანა, სადაც არ არიან ვაქსერები და ანტივაქსერები; რასაც მსოფლიო ფლაგმანები აკეთებენ, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ. მეორე მხარის უფლებები აპრიორი ვერ შეიზღუდება. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მათი რიცხვი - ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.




























