მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ცენტრალურ უბნებში კენჭის დადება არ შეიძლება... მშენებლობა უნდა შევაჩეროთ - პაპაშვილი

6415e2b74af5c
თელარა გელანტია
19.03.23 00:00
1620
უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსის“ მფლობელის, ლაშა პაპაშვილის აზრით, თბილისში ახალი მშენებლობები უნდა შეიზღუდოს. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

- ვფიქრობ, თბილისში მშენებლობა უნდა შევაჩეროთ. მეტი შეზღუდვა სჭირდება ამ ყველაფერს. ვერ იტევს უკვე ქალაქი. გამტარუნარიანობა არაა და ვერ გაუძლებს თუ ახალი პროექტები არ შეფერხდა. ექსპერტული დასკვნების მიხედვით უნდა განვითარდეს ყველა რაიონი. ცენტრალურ რაიონებში არცერთი კენჭის დადება არ შეიძლება...

- ამიტომაც გადავიდა მშენებლობები უფრო გარეუბნებში...

- რისი გამტარია ეს ქვეყანა, უნდა დავთვალოთ. რამდენ მილიონ მოქალაქეს უნდა მოემსახუროს ეს ქალაქი?!

- რადგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნაა, ბიზნესიც აშენებს...

- არა, არ გეთანხმებით. კახა ბენდუქიძესთან მქონდა, ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, ამ თემაზე კამათი. ვფიქრობ, ამ საკითხს უკიდურესი რეგულაცია სჭირდება. მე ამ თემაში ლიბერალობის მომხრე არ ვარ, რომ ვის რაც უნდა და როგორც უნდა, ისე აშენოს.

- როგორი მოლოდინები გაქვთ „რედიქსში“ - უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი?

- ასეთი მშენებლობების ფონზე ფასები ვერ გაიზრდება. ყველა ქართველს აქვს აქტივი - შეიძლება ფული არ აქვს ყველას, მაგრამ აქვს სახლი, ბინა, მიწა და ა.შ და თუ გვინდა, ამ აქტივის ფასი გაიზარდოს, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ცივლიზებულ ბრიტანეთში ან საფრანგეთშია - ნაკლები უნდა ვაშენოთ, რომ ფასები გაიზარდოს...

- ახლა შეიძლება, ვიღაცამ გაიფიქროს - ლაშა პაპაშვილმა ააშენა უკვე და ამიტომ აქვს დღეს ასეთი რჩევებიო?

- კახა ბენდუქიძესთან კამათის შემდეგ არცერთი საცხოვრებელი სახლი არ ამიშენებია, რადგან ჩავთვალე, რომ ეს ჩვენი ქალაქის სილამაზეს დაანგრევდა.

„რედიქსი“ – უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია, დაარსდა 2007 წელს. ამჟამად „რედიქსი“ მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები