მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსამართლობაა, რომ თუშეთში ქონების გადასახადს გვახდევინებენ - ლაშა პაპაშვილი

სამზეო

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსის“ მფლობელის ლაშა პაპაშვილის აზრით, უსამართლობაა, რომ მთაში, განსაკუთრებით, თუშეთში ბიზნესს ქონების გადასახადს ახდევინებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, „რედიქს ჯგუფის“ მფლობელობაშია რამდენიმე სასტუმრო. მათ შორისაა 43-ნომრიანი სასტუმრო "სამზეო" თუშეთში. გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილი თბილისში, ორი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება $100 მილიონია. ბიზნესმენის თქმით, პროექტების დაფინანსების წყარო ქართული ბანკები და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის განვითარების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს სესხის პროცენტს უსუბსიდირებს ფორმულით - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%.

ლაშა პაპაშვილს არ მოსწონს, რომ რეფინანსირების განაკვეთის კლების პარალელურად, სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი მცირდება.

- ჩვენ სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ქვეყანაში ბრენდული სასტუმროების ნაკლებობაა; ასევე, ძალიან საყურადღებოა რეზორტმიმართულების განვითარება. მე არ მეგონა, რომ ასეთ რამეს დაუშვებდა ლევან დავითაშვილი. მაგალითად, როცა რეფინანსირების განაკვეთი თითქმის 8%-მდე შემცირდა, სააგენტოს ასუბსიდირებს 8%-5%-ს ანუ 3%-ს. გამოდის, რომ არაფერს გვიფინანსებს, ფაქტობრივად. <შენიშვნა: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სესხის თანადაფინანსების პირობები არ შეცვლილა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბენეფიციარების სესხების თანასუბსიდირების კლება გამოწვეულია რეფინანსრების განაკვეთის შემცირებით>

- სახელმწიფო პროგრამები რომ არა, $100-მილიონიან პროექტებს, რომელიც დაანონსეთ, არ განახორციელებდით თუ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ხედავს, რომ ისინი მომგებიანი იქნება?

- ეს პროექტები არაა მომგებიანი...ჩემი კოლეგები მეუბნებიან, შენ რა პროექტებსაც აკეთებ, სახელმწიფო ყველანაირად უნდა გეხმარებოდესო.

- თუ მომგებიანი არაა, რატომ აკეთებთ?

- თუშეთში რატომ ავაშენე სასტუმრო, მომგებიანია?! ქონების გადასახადს ვიხდით თუშეთში, მთაში, სადაც მთელი წელი მიღწევადობას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს; გზას კეტავენ და აცხადებენ, რომ თქვენი რისკია, თუ ახვალთო... უსამართლობაა, რომ მთაში ქონების გადასახადს გვახდევინებენ, განსაკუთრებით, თუშეთში, რომელიც იკეტება. საბერძნეთში ვიყავი რამდენიმე თვის წინ და აღმოვაჩინე, რომ თურმე არასეზონზე სასტუმროს თანამშრომლებს ხელფასს სახელმწიფო უხდის...

- ამდენი სუბსიდიაც ხომ ვიღაცამ უნდა დააფინანსოს ანუ ეს ხომ ბიუჯეტის ხარჯია?

- თვითონ ტურისტი აფინანსებს... ვფიქრობ, თუშეთი ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიაა და თუ ასეთ ადგილებს მოვუვლით, ადგილობრივებს მივცემთ სუბსიდიას, რომ იქ დარჩნენ და აკეთონ ბიზნესი, თუშეთში ტურისტების რიგი დადგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები