საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული შეფასების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19%-იანი შემცირება არის პროგნოზირებული. ეს აბსოლუტურ რიცხვებში ინვესტიციების $241-მილიონიან შემცირებას ნიშნავს.
განახლებული პრგნოზის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2020 წელს შემომავალი სავალუტო ნაკადების 1.8 მილიარდი დოლარით შემცირებას პროგნოზირებს. შესაბამისად, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კრიზისიდან გამომდინარე მშპ-ის 11%-ის მოცულობით გაიზრდება. ორგანიზაცია წერს, რომ ამ დისბალანსს საქართველო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით დაიბალანსებს.
IMF-ის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი ასეთია:
● ექსპორტის შემცირება 24%;
● საქონლის იმპორტის შემცირება 21.1%;
● სერვისების ექსპორტი (ტურიზმის ჩათვლით) შემცირება 55.7%;
● სერვისების იმპორტი შემცირება 60%;
● ფულადი გზავნილები შემცირება 15%;
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება 19%.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის დახმარების ფარგლებში საქართველოში საბიუჯეტო დახმარების სახით $201 მლნ დოლარი უკვე ჩამოირიცხა. სახელმწიფოსთვის IMF-ის მიერ გამოყოფილი დახმარება ჯამურად $447 მლნ დოლარს შეადგენს.