სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მათ შორის ახალი პროგრამის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
როგორც მან IMF-თან მოლაპარაკებებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ინსტიტუტთან პარტნიორობა გრძელდება.
"სავალუტო ფონდთან ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე პროგრამა შეჩერდა, მაგრამ ამავდროულად არ შეჩერებულა ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების მიმართულებით, ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდნენ და გვიწევენ ტექნიკურ მხარდაჭერას. ახლაც, მისია აქ იმყოფება, ჩვენს ღონისძიებასაც ესწრებიან. ეს არის ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვის მისია, რომლის ფარგლებშიც გვექნება საშუალება ვისაუბროთ ყველაფერზე მათ შორის ახალი პროგრამის პერსპექტივებზე. როდესაც ვაშინგტონში გვქონდა შეხვედრები, იქაც, ორმხრივად გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა კვლავინდებურად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ და პარტნიორულ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას", - თქვა თურნავამ.
რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























