მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SavvY: “ჩვენთვის პატივია, რომ ვიყავით მოგზაურობის ნაწილი, რომელმაც “აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრები, კონცეფციიდან განხორციელებამდე მოიყვანა”

სავი და აწარმოე საქართველოში
23.05.24 13:06
344
სტატიაში საუბარია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების გახსნას განაგრძობს, რითაც რეგიონებში მყოფ მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე წვდომას უმარტივებს.

ამ ეტაპზე საკონსულტაციო ცენტრები სამ ქალაქში - ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში ფუნქციონირებს, 2025 წლის ბოლომდე კი, ქვეყნის 11 რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში ამოქმედდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, სააგენტომ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-მ წარმატებით ითანამშრომლეს 2018 წლიდან 2022 წლამდე.

- მარიამ, მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა?

- (მარიამ ქოიავა, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სავი - SavvY, დამფუძნებელი) Growth Hub-ის, ანუ საკონსულტაციო ცენტრების პროექტზე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სააგენტომ საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბება, დიდ ბრიტანეთში არსებული Growth Hub-ის ანალოგის მიხედვით გადაწყვიტა. მათ შეარჩიეს ორი საპილოტე რეგიონი, რომელთა კვლევაში ჩვენი საკონსულტაციო კომპანია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“ მხარდაჭერით ჩაერთო. შევიმუშავეთ საკონსულტაციო ცენტრების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა.

პროექტზე მუშაობა მრავალმხრივად მიმდინარეობდა, ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტი ბრიტანეთიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ Growth Hub-ს.

SavvY-ის როლი მოიცავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაანალიზებას, მმართველობასა და სტრუქტურასთან დაკავშირებული მოდელის შემუშავებას. ჩვენი გუნდი გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ Growth Hubs-საც ეწვია, სადაც მეტი ინფორმაცია მივიღეთ მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

- რა იყო ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტების განმავლობაში შეიტყვეთ რეგიონული ბიზნეს საქმიანობების ან უშუალოდ საკონსულტაციო ცენტრის საჭიროების შესახებ?

პროექტების ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ან ხელშემწყობი ფაქტორები. შედეგებმა კი ცხადყო ბიზნესის მხარდაჭერის სტრუქტურის საჭიროება, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე. გარდა ამისა, საკონსულტაციო ცენტრები მხარს უჭერს ბიზნეს სერვისების მიმწოდებელი კომპანიების გაძლიერებასაც, რადგან ქმნის ძლიერი ურთიერთობების ჯაჭვს მათსა და მეწარმეებს შორის.

- ანი, მოგვიყევით რა ფორმით ჩამოყალიბდა საკონსულტაციო ცენტრები და რომელ რეგიონებშია უკვე ხელმისაწვდომი ცენტრებში ვიზიტი?

(ანა უგულავა - "აწარმოე საქართველოში" მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ) „აწარმოე საქართველოში“ პირველი საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს ამოქმედდა. დღეისათვის, სააგენტოს მსგავსი ცენტრები უკვე აჭარისა და კახეთის რეგიონებშიც აქვს. სამივე ცენტრში აქტიურად ხორციელდება სერვისები მეწარმეებისთვის სამი ძირითადი მიმართულებით: საკონსულტაციო მომსახურება, ბიზნეს-უნარების გაუმჯობესება და ინფორმაციით უზრუნველყოფა.

ბიზნეს უნარების გაუმჯობესების მიმართულებით, მეწარმეები ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ესწრებიან, რომლებიც ექვს ძირითად მიმართულებას მოიცავს: გაყიდვები და მარკეტინგი; საგადასახადო საკითხები; იურიდიული საკითხები; ფინანსები და ბუღალტერია; ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა; გაციფრულება.

საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეს საშუალება ეძლევა გაიაროს ინდივიდუალური კონსულტაცია და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. ასევე, მიიღოს სიღრმისეული ბიზნეს-დიაგნოსტირება, რაც უკეთ დაანახვებს რა საჭიროებები აქვს მის ბიზნესს. ამ საჭიროებების გათვალისწინებით კი, მიიღებს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის საფასურის ნაწილსაც სააგენტო დააფინანსებს.

მნიშვნელოვანია, რომ საკონსულტაციო ცენტრების სახით რეგიონში გავაჩინეთ სივრცე, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს შეუძლიათ გაიცნონ და დაამყარონ კონტაქტები თავიანთი სექტორის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ გამოცდილება და მიიღონ ახალი ცოდნა, თავისუფლად ისარგებლონ ცენტრებში განთავსებული საერთო სამუშაო სივრცით და დაესწრონ მათთვის საინტერესო ღონისძიებებს.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ ეტაპზე სამ ქალაქში ფუნქციონირებს საკონსულტაციო ცენტრები, 2025 წლის ბოლომდე კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდება.

- ანი, როგორ დაახასიათებდით მრავალწლიან ურთიერთობას SavvY-სთან?

- (ანა უგულავა - "აწარმოე საქართველოში" მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი) ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წლებია გრძელდება, Savvy-სთან თანამშრომლობით, სააგენტოს შემუშავებული და განხორციელებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ მათ მიერ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა რეგიონის მეწარმეთა ძირითადი გამოწვევები, ამ გამოწვევების საპასუხოდ კი, შეიქმნა რეგიონული ცენტრების კონცეფცია.

- მარიამ, როგორ დაახასიათებდით მრავალწლიან ურთიერთობას სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში”?

- (მარიამ ქოიავა, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სავი - SavvY, დამფუძნებელი) ვფიქრობ, ეს იყო გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის, რადგან გვჯერა, რომ საკონსულტაციო ცენტრები არის სწორედ ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც რეგიონში მოღვაწე ბიზნესებს განვითარებაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შექმნა უნიკალური მოდელი, რომელიც არამხოლოდ მეწარმეებს, რეგიონში საკონსულტაციო ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს: სააგენტო გახდება მათი პარტნიორი ადგლობრივ დონეზე, რაც გაზრდის სერვის პროვაიდერების ხელმისაწვდომობას მცირე მეწარმეებისთვის.

ჩვენთვის პატივია, რომ ვიყავით იმ მოგზაურობის ნაწილი, რომელმაც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრები მოიყვანა კონცეფციიდან განხორციელებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები