მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროექტების ფარგლებში 2022 წელს სოფლის მეურნეობაში ₾6.2 მლრდ-ის ინვესტიცია ჩაიდო - მინისტრი

64410171206ba
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 13:10
511
სახელმწიფო პროექტების ფარგლებში 2022 წელს სოფლის მეურნეობაში ₾6.2 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა, სახელმწიფოს მონაწილეობა ₾1.6 მლრდ-ია - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში უწყების წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეს შედეგები სახელმწიფოს მიერ ინიცირებული აგროსექტორის მხარდაჭერის პროგრამებით არის განპირობებული.

„სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება, ემატება ახალი ინიციატივები და პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა. საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,6 მილიარდი ლარია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ხელმძღვანელმა იმ პროგრამების შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო დარგის განვითარების მიზნით ახორციელებს.

„ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც „დანერგე მომავალი“-ს შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20,000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღია გაშენებული და 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობაა მოწყობილი. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს ახალი ბაღებიდან 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით განპირობებულია. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას მიაღწევს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში დასაქმებული 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალაა.

პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის მიმართული პროგრამის დაწყებიდან, დღემდე დაფინანსებულია 218 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, დასაქმდება 3000-ზე მეტი ადამიანი, შეიქმნება 240 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად 130 მილიონი ლარის პროდუქცია იწარმოება, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას და დასაქმებულია 2 000 ადამიანი.

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, წარმატებით მიმდინარეობს ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2016 წლიდან დახმარება გაეწია 200 მდე კომპანიას. პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ბრენდირებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ 9 წლის განმავლობაში აგროდაზღვევის პროგრამის წარმატებით მუშაობის შესახებაც ისაუბრა და იმ ცვლილებების შესახებ აღნიშნა, რომელიც პროგრამაში შევიდა.

„ბოლო ცვლილებით, რომელიც პროგრამაში განხორციელდა მევენახე ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. ცვლილება ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალ რისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის დააზღვიონ მოსავალი. პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ქონდა 140,000 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზიანი 67 მლნ ლარს აღემატება“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებებს ] სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%-იანი სარგებელი გააჩნიათ, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ით. შამუგიამ აღნიშნა, რომ 2022 წელს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რაც კოოპერატივების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. პროექტი 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს და ჯამურად 4500 ტონა პროდუქციის შენახვა არის შესაძლებელი.

2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქციის წარმოების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50%-იანი (არაუმეტეს 100 ათასი ლარის) საგრანტო დაფინანსებით“, - თქვა მინისტრმა.

უწყების წლიური ანგარიშის მიხედვით, სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია. შესაბამისად დღემდე სახელმწიფო ხელშეწყობით 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რომლებმაც 5324 ერთეული, 203 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა შეიძინეს. მათ შორის, 2021 წელს პრემიერის ინიციატივით გამოიყო 50 მლნ ლარი, რომლითაც 2500-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები