„სავალუტო ფონდი პროგრამის პირველ შეფასებაში ნათლად აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონის მისიის შედეგებს აჯამებს.
"IMF ასევე აქცენტს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 10%, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, პროდუქტიულობის ზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ნაწილს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, როგორიც არის სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა და განახლებადი ენერგიის გენერაციების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის.
ეკონომიკის მინისტრი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას მნიშვნელოვნად აფასებს და ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობაში სახელმწიფო საწარმოების წვლილის ზრდას, ბიზნესის გაუმჯობესებას, ფისკალური რისკების უკეთეს მართვას და შემცირებას. „გაუმჯობესებული მართვის პირობებში საწარმოები უფრო მიმზიდველები იქნებიან ინვესტორებისთვის და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა.




























