მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ექსპორტიორებს თავისუფალი ვაჭრობის მეტი ხელშეკრულება უნდა დაუდოს მაგიდაზე - ასოციაცია

63a2f037e4215
ელენე გოგბერაშვილი
25.12.22 10:20
824
მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორს გაცნობიერებული აქვს, რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს შეიცავს რუსეთზე დამოკიდებულება, საქართველო წლიდან წლამდე უფრო და უფრო დამოკიდებულ ხდება რუსეთზე. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

"სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ჩავეხსნათ რუსეთის ბაზარს", - ამბობს BM.GE-სთან ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი. გიორგი გუდაბანძე განმარტავს, რატომ გახდა ექსპორტიორებისთვის რუსეთი მთავარი გასაღების ბაზარი.

„ცალსახად ბევრი სიმარტივე აქვს რუსეთის ბაზარს, რომელიც მიმზიდველია ჩვენი ექსპორტიორებისთვის. ეს არის საკომუნიკაციო ბარიერის, ფაქტობრივად, არარსებობა, ვგულისხმობ სამეტყველო ენას, ლოგისტიკურს სიმარტივეს. ძალიან მარტივია საქართველოდან რუსეთში ტვირთის ტრანსპორტირება, ის გადახდის პირობები, რომელსაც რუსული კომპანიები სთავაზობენ ქართველ ექსპორტიორებს. მაგალითად, ეს არის წინასწარ გადახდის პრინციპი. ჩვენთან ბევრი ბიზნესი სამუშაო კაპიტალის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ წინასწარი გადახდის პრინციპი მათთვის ძალიან მომგებიანი და მიმზიდველია.

ამასთან, ჩვენ გვავიწყდება ყველაზე მთავარი საფრთხე, რომელიც როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად რუსეთის ბაზრიდან მოდის. გამომდინარე არასტაბილურობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყანა არის დამპყრობელი, თუ გვსურს გრძელვადიანი სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ დოვლათს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვიქნებით განვითარებული სახელმწიფო და როგორც ევროკავშირის, ისე სხვა განვითარებული რეგიონების წევრი, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ სწრაფი და მყისიერი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩავეხსნათ რუსეთის ბაზარს“,-განმარტავს გუდაბანძე.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ბაზრების დივერსიფიცირების პროცესში სახელმწიფოს როლზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, განსაკუთრებით გალფისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

„სახელმწიფოს როლს ვხედავ რამდენიმე მიმართულებით. პირველი, სახელმწიფო უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დაუდოს მაგიდაზე ჩვენს ექსპორტიორებს. არ არის საკმარისი მხოლოდ ევროკავშირი, ორიენტირებული უნდა ვიყოთ განვითარებულ მსოფლიოზე, მსყიდველუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, სადაც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება მოხდება.

მთავრობის 2020-2030 წლების ხედვას გავეცანი და საკმაოდ პრიორიტეტული ბაზრებია მოყვანილი: ისრაელი, ინდოეთი, აშშ, რომელთანაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს. ერთს გამოვყოფდი ამ ხედვიდან, რომ დასახელებული იყო მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები და არ ვფიქრობ მხოლოდ ეს ერთი ქვეყანა იყოს პრიორიტეტული გალფის რეგიონის მიმართულებით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით, ამიტომ ვთვლი, რომ არაბულ მთელ რიგ ქვეყნებთან უნდა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მინიმუმ მოლაპარაკებების დაწყება, ვინაიდან ეს ბაზარი ჩვენთვის არის განსაკუთრებით მიმზიდველი, გამომდინარე ბევრი ფაქტორიდან: პირველი გეოგრაფიულად ძალიან ახლოს ვართ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან მაღალია, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი აღნიშნული რეგიონისთვის“, - ამბობს გიორგი გუდაბანძე.

მან უპასუხა ასევე კითხვას, უნდა ჰქონდეთ თუ არა საგადასახადო შეღავათები იმ კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებენ ექსპორტს და ასევე, უნდა გახდეს თუ არა სახელმწიფო პროგრამები უფრო მიზნობრივი.

„ჩვენი ორგანიზაცია იზიარებს იმას, რომ ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მოქნილი და უნდა ჰქონდეს მსგავსი ხელშეწყობა სამთავრობო სტრუქტურებიდან, რომ მაქსიმალურად თავისუფლად და დამატებითი ბერკეტების გარეშე შეძლოს საქმიანობა. როგორც იცით ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახადებისგან, თუმცა საუბარია სხვა სახის გადასახადებზე, შიდა გადასახადებზე, რომელიც შესაძლებელია ძალიან ეფექტურად აისახოს ბიზნესზე, თუ გადაიდგმება ის ნაბიჯი, რომ მთავრობის მიერ მოხდება შეღავათის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს საშემოსავლო გადასახადის, დღგ-ს, მოგების გადასახადის თუ სხვა ნებისმიერი შეღავათის გაკეთება.

განსხვავებით რუსეთის ბაზრიდან, განვითარებული მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ორიენტირებულია ხარისხის სტანდარტებზე, იქნება ეს სასურსათო თუ არასასურსათო პროდუქციის შემთხვევაში .მათ რა თქმა უნდა მაღალი სტანდარტები აქვთ და მოთხოვნები კონკრეტული პროდუქციის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთის ბაზარზე, შესაბამისად ეს ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს ჩვენი ექსპორტიორებისთვის. გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინვესტირება ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში საჭიროა.

არის თუ არა ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამები, შემიძლია ვთქვა, რომ აქტივობები არის, თუმცა მე ამ აქტივობებს უფრო სტრატეგიის სახეს მივცემდი. ჩამოვაყალიბებდი სტრატეგიას, რომელიც გვიკარნახებს სამოქმედო გეგმით როგორ უნდა შევიდეთ, რომელ ბაზარზე, რა პროდუქტით ვართ კონკურენტუნარიანი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ნიშური ბაზრები, ნიშური პროდუქცია, სადაც საქართველოს ექნება კონკურენტული უპირატესობა“, - განმარტავს გიორგი გუდაბანძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები