„სახელმწიფოს ₾1 მლრდ-ის ინვესტირებით, კერძო სექტორს სოფლის მეურნეობაში ₾4 მლრდ-ის ინვესტირების სტიმული მივეცით“ - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ფერმერის დღის“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენი წლის განმავლობაში ჩაიდო დარგში 5 მლრდ ლარის ინვესტიცია, თუმცა აღნიშნა რომ ეს ბოლო რამდენიმე წლის შედეგია, რამაც წარმოება, ექსპორტი და ფერმერთა შემოსავლები გაზარდა.
„პროექტები, რომელსაც სახელმწიფო დონორების მხარდაჭერით ახორციელებს, ძალიან ბევრია. სწორედ ამ მხარდაჭერის, სახელმწიფოსა და ჩვენი პარტნიორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით, რომ დაახლოებით 5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელებულიყო სოფლის მეურნეობაში, აქედან 1 მლრდ ლარამდე სახელმწიფოს წილია, ანუ 1 მლრდ ლარის ინვესტირებით კერძო სექტორს მივეცით სტიმული რომ დამატებით 4 მლრდ ლარის ინვესტირება განეხორციელებინათ ამ დარგში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამან მოგვცა შედეგები წარმოების, ექსპორტისა და ჩვენი ფერმერების შემოსავლების ზრდის კუთხით“, - განაცხადა შამუგიამ.




























