მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამით, 1 400 კმ-ზე ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება 2025 წლის I კვარტალშია დაგეგმილი - ანგარიში

ოუფენ ნეტი

პრემიერის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ივნისიდან, მიმდინარე წლის მაისის პერიოდში Log-In Georgia-ის პროგრამით ჯამში 400 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომლითაც ის 28 ივნისს პარლამენტში წარდგება, წერია, რომ საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად გრძელდება.

პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, აშენდა 400 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა რაჭის, ქობულეთი-ხელვაჩაურის, ზუგდიდი ხობისა (ნაწილობრივ) და წყალტუბო-ვარციხე-ხონის (ნაწილობრივ) მიმართულებებზე.

ამავდროულად, მიმდინარეობს კიდევ 1400 კმ-ზე სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ კი, ზუგდიდი-ხობისა და წყალტუბო-ვარციხე-ხონის დარჩენილ მონაკვეთზე, ასევე აბაშა-სენაკის, ჭიათურა-საჩხერისა და ზესტაფონი-ხარაგაულის მიმართულებებზე.

მშენებლობების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის პირველ კვარტალში. პარალელურად, გამოცხადებულია კიდევ 2 ტენდერი ქედა-შუახევისა (260 კმ) და ხულო-ადიგენის (210 კმ) მიმართულებებზე“, - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.

ირაკლი კობახიძე ერთი წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისათვის, მომზადდა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისა და მშენებლობისათვის ნებართვების გამარტივების საკითხებს.

„საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, აქტიურ ფაზაშია ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, მათ შორის, ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

კობახიძის მოხსენებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2023 წელს პროგრამით ნაწილობრივ დაიფარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები, ასევე დაიწყო რაჭა-ლეჩხუმში, ზუგდიდსა და ხობში ტრენინგები.

„სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში და არამარტო მის ფარგლებში აშენებული საბითუმო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური რეალიზებისა და „ბოლო მილის“ სერვისის განვითარებისათვის, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში მზადდება საქართველოს სოფლებში „ბოლო მილის“ კავშირის გაძლიერებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად განისაზღვრება აქტივობები და დახმარების პროგრამები, რათა ტელეკომოპერატორებმა საბითუმო ქსელის საშუალებით მომსახურება მიაწოდონ ბოლო მომხმარებელს (მოსახლეობასა და ორგანიზაციებს)", - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები