მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობამ 10 წელიწადში ₾6.3 მლრდ დაზოგა - პრემიერი

6421455ce6dd5
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 11:30
413
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდით, 10 წლის განმავლობაში მოსახლეობამ 6.3 მლრდ ლარი დაზოგა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ჯანდაცვის 10 წლის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაზე 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 7 მლრდ ლარი დახარჯა, რამაც ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

„2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება. დღეს რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა გვაქვს, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მლრდ ლარით დააფინანსა პროგრამები. ამით ამ სექტორში რეალურად ჩვენ რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს ჰქონდა, დღეს ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა, ანუ მოსახლეობის 94% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, რაც ძალიან დიდი შედეგია“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარად მოსახლეობის მხრიდან ე.წ. ჯიბიდან გადახდები შემცირდა.

„სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ჯანდაცვის უწყებას თითქმის გაუორმაგდა ბიუჯეტი, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 94%-ზე მეტს ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა.

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ - რომ არ დაგვეწყო აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოქალაქეებს 6 მლრდ 300 მლნ ლარის გადახდა მოუწევდა საკუთარი ჯიბიდან, ან ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მლრდ ლარით, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამ 10 წლის განმავლობაში 6 მლრდ 300 მლნ ლარი დაზოგა“, - თქვა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლამდე პრევენციული პროგრამები არ არსებობდა და კერძო დაზღვევით წარმოუდგენელი იყო ცე ჰეპატიტის მკურნალობა, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენის შესაძლებლობა კი მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ. პრემიერი თვლის, რომ იმ დროისთვის სექტორში „ძალიან ბევრი გამოწვევა“ არსებობდა და მოქალაქეები სახელმწიფოს მზრუნველობისგან სრულად მიტოვებულები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები